ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

ლომინაძემ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინა | იან კათროს ქართველი მოსწონს

პორტუგალიური Record-ის ინფორმაციით, „ეშტორილის’’ მთავარ მწვრთნელ იან კათროს გუნდის ქართველი ახალწვეული ნოდარ ლომინაძე ძალიან მოსწონს. ჩემპიონატის პირველ ტურში ტანმაღალ ქართველ ნახევარმცველს სასტარტოში ელიან.

Record: „23 წლისა და 1,94 მ. სიმაღლის ნახევარმცველი  შოტლანდიელ მწვრთნელზე შთაბეჭდილებას ახდენს არამარტო ნახევარდაცვაში ფიზიკური უპირატესობით, არამედ ტაქტიკური და ტექნიკური მონაცემებითაც. ლომინაძე ნახევარდაცვაში ჯორდან ჰორსგროვთან ერთად ითამაშებს, იან კათრო მათ პიცისა და პატრიკ დე პაულაზე წინ დააყენებს’’.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ნოდარს გუნდში არსებული გარემო ძალიან მოსწონს, ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს და თვლის, რომ გუნდი სწორად შეარჩია, სწორ ადგილზე მოხვდა.

პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სეზონის პირველ ტურში „ეშტორილი’’ „ესტრელას’’ მიიღებს. მატჩი დღეს, 11 აგვისტოს თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ნოდარ ლომინაძე თბილისის „დინამოდან’’ „ეშტორილში’’ გადავიდა, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდთან ერთად შეკრება გაიარა და დღეს მისი ოფიციალური დებიუტი შედგება.

23 წლის ფეხბურთელისთვის „ეშტორილი’’ პირველი უცხოური კლუბია. აქამდე თბილისის „დინამოში’’, „გაგრაში’’ (იჯარით), „სამგურალსა’’ (იჯარით) და გორის „დილაში’’ (იჯარით) უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები