გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპულმა სეზონი მარცხით გახსნა - მამარდა სათადარიგო იყო

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში და მთლიანად კარიერაში პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა არ გაუმართლა. მართალია ქართველი მეკარე „კრისტალ პალასთან“ ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში თადარიგში დარჩა და ძირითად შემადგენლობაში ალისონი თამაშობდა, თუმცა გიორგის პირველი მერსისაიდული ჯილდო უდავოდ აღნიშვნის ღირსი იქნებოდა.

ბუნებრივია, იმის გამო, რომ ალისონმა ოჯახური პრობლემების გამო წინასასეზონო მზადების გარკვეული ეტაპი გამოტოვა, იყო იმედი იმისა, რომ არნე სლოტი მამარდაშვილს მისცემდა თავის გამოჩენის საშუალებას, თუმცა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ნდობა მაინც ბრაზილიელ გოლკიპერს გამოუცხადა. არადა, შეხვედრას ისეთი მიმდინარეობა ჰქონდა, რომ მეკარის როლი წინა პლანზე გამოვიდა, რადგან გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, სადაც ბეკერს მისმა „კრისტალ პალასელმა“  კოლეგამ დინ ჰენდერსონმა აშკარად აჯობა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ლივერპული“ ქვეყნის ასოციაციის თასის გამარჯვებულ „კრისტალ პალასთან“ 2:3 დამარცხდა. „წითლები“ მე-4 წუთზე „აინტრახტიდან“ დამატებულმა ფრანგმა ფორვარდმა უგო ეკიტიკემ დააწინაურა, რომელმაც სადებიუტო ბურთი კლუბის კიდევ ერთი ახალწვეულის, ფლორიან ვირცის პასით გაიტანა. მე-17 წუთზე „პალასმა“ წონასწორობა აღადგინა - ვირჯილ ვან დაიკის მიერ წესების დარღვევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ჟან-ფილიპ მატეტამ აქცია, თუმცა ლონდონელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან ზუსტად ოთხ წუთში ჟერემი ფრიმპონგმა მერსისაიდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა ამ შემთხვევაში მეკარე დინ ჰენდერსონის შეცდომა აუცილებლად უნდა აღინიშნოს. თითქოს ლივერპულელებს საქმე ბოლომდე ჰქონდათ მიყვანილი, როდესაც საფინალო სასტვენამდე ცამეტი წუთით ადრე მათი დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა და ისმაილა სარიმ წონასწორობა აღადგინა.

დაინიშნა პირდაპირ თერთმეტმეტრიანების სერია, სადაც „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰმა, ჯეიმს მაკალისტერმა და ჰარვი ელიოტმა დააღალატა - ეგვიპტელმა დიდი მანძილით ააცილა, ხოლო არგენტინელსა და ინგლისელს პენალტი ჰენდერსონმა აუღო, ალისონმა კი, მხოლოდ ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ერთ შემთხვევაში კი „პალასის“ ფეხბურთელმა ხარიხას გაარტყა.

ცნობისათვის, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერ ლიგას რამდენიმე დღეში დაიწყებს - 15 აგვისტოს, გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები „ბორნმუთს“ უმასპინძლებენ და მატჩი თბილისის დროით სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“უნდა დაიჯეროს, რომ საკმარისად კარგია“ - დევიდ ჯიემსი მამარდაშვილზე
“უნდა დაიჯეროს, რომ საკმარისად კარგია“ - დევიდ ჯიემსი მამარდაშვილზე