განაცხადიდან ამოიღეს - მინიშნება დონარუმას წასვლაზე
ჯანლუიჯი დონარუმა უეფას სუპერთასის შეხვედრაში არ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. მისი თქმით, „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიელი მეკარე „ტოტენჰემთან“ სამატჩო განაცხადიდან ამოიღო, რითაც მიანიშნეს, რომ თუ კლუბის წინადადებასა და პირობებს არ მიიღებს, მსგავსი სასჯელები სისტემატური ხასიათის იქნება.
„სენ-ჟერმენი“ რომ წლევანდელ სეზონში დონარუმას იმედზე ყოფნას არ აპირებდა, ლუკა შევალიეს ტრანსფერმაც დაადასტურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ლილიდან“ დაიმატეს და წინასწარი ინფორმაციით, კლუბის ნომერ პირველ მეკარედ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე სწორედ მას განიხილავს. რაც შეეხება ჯიჯის, მას სთხოვდნენ, რომ 2026 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, რათა გაშვების შემთხვევაში მის სანაცვლოდ სოლიდური სატრანსფერო თანხა მიეღოთ, რაზეც „სკუადრა აძურას“ კარის დარაჯმა კატეგორიული უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა გასულ სეზონში პსჟ-ის ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და თავი განსაკუთრებით „ასტონ ვილასთან“ და „ლივერპულთან“ პლეი ოფის მატჩებში გამოიჩინა, სადაც რამდენიმე ურთულესი დარტყმები მოიგერია. პსჟ-ტოტენჰემის უეფას სუპერთასის შეხვედრა 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.