პსჟ-ის დანაკლისი სუპერთასზე - ტოტენჰემთან ნევეში არ იქნება
13 აგვისტოს, „პარი სენ-ჟერმენი“ 2025-2026 წლების სეზონს გახსნის და პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ტიტულის მოგების შანსი ექნება - ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები იტალიის ქალაქ უდინეში, „სტადიო ფრიულიზე“ ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტენჰემთან“ ბრძოლაში უეფას სუპერთასის მოგებას შეეცდებიან. 24 წლის ქართველი ლეგიონერი გეგმის მიხედვით ემზადება, მისი პორტუგალიელი თანაგუნდელი ჟოაუ ნევეში კი ამ მატჩში ვერ ითამაშებს.
ყველას კარგად ემახსოვრება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის, სადაც ნევეში „არისტოკრატების“ ესპანელი მცველის, მარკ კუკურელიას თმებზე მოქაჩვისთვის გააძევეს. მომხდართან დაკავშირებით დისციპლინარებმა დიდხანს იმსჯელეს და 20 წლის ნახევარმცველი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რომელიც ყველა ტურნირზე იმოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჟოაუ „ტოტენჰემთან“ თამაშის გარდა, 17 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში „ნანტთანაც“ არ იქნება.
ცნობისათვის, ჟოაუ ნევეში „პარი სენ-ჟერმენს“ 2024 წლის ზაფხულში „ბენფიკადან“ შეუერთდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართულ 59 შეხვედრაში თავი 7 გოლით გამოიჩინა.