„ხამზატის ჩემთან შედარება სასაცილოა“ - დუ პლესიმ ჩიმაევზე ისაუბრა
UFC 319-ის ჩატარებამდე რამდენიმე დღე რჩება და შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების უმეტესობა ბუნებრივია საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბს ელოდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი ტიტულის დაცვას ხამზატ ჩიმაევთან შეეცდება. ბევრ შემთხვევას ვერავინ გაიხსენებს, როდესაც მოქმედ ჩემპიონთან პრეტენდენტს ფავორიტად ასახელებდნენ, თუმცა ამჯერად მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ძალიან ბევრი დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის გამარჯვებას ვარაუდობს, რაზეც დუ პლესის ასეთი რეაქცია აქვს:
„არასოდეს ვისურვებდი ისეთი მებრძოლის ადგილზე ყოფნას, რომელიც დივიზიონის მეშვიდე ნომრის დამარცხებით ამაყობს. ვისურვებდი ვიყო იმ ადგილას, სადაც მე ვარ და საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ვეჩხუბებოდი. ბევრი მადარებს ჩიმაევს და კი ბატონო, ჩახედეთ სტატისტიკას - მას ზედიზედ რვა მოგება აქვს UFC-ში, მე - ცხრა. თუმცა, თუ გაეცნობით ჩვენს რეზიუმეებს და იმას, თუ ვის შევხვდი მე და ვის შეხვდა ის, მის ჩემთან შედარებაზე ბევრს გაეცინება“.
ცნობისათვის, როდესაც დივიზიონის მეშვიდე ნომერი ახსენა, დუ პლესიმ რობერტ უიტეკერი იგულისხმა, რომელიც ხამზატ ჩიმაევმა რამდენიმე თვის წინ საბმიშენით დაამარცხა.