„კარიერის დასრულების ფასად დაუჯდება“ - მოიკანო ოლივეირამ გააოცა
შერეულ ორთაბრძოლებში საკმაოდ იშვიათად ხდება, როდესაც რომელიმე მებრძოლი 3-თვიან ინტერვალში ორ ბრძოლას ატარებს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს და სწორედ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი ჩარლზ ოლივეირასთან მიმართებაში, რომელმაც 29 ივნისს იჩხუბა და ილია თოფურიასგან მძიმედ დანოკაუტდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პაუზის აღებას არ გეგმავს და 11 ოქტომბერს UFC Rio-ს მთავარ ორთაბრძოლაში რაფაელ ფიზიევს დაუპირისპირდება. მისი თანამემამულის საქციელს სრულ სიგიჟედ აფასებს რენატო მოიკანო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„UFC-ის ხელმძღვანელებმა ყველა კიდევ ერთხელ გაგვაოცეს. ვინ იფიქრებდა, რომ მძიმე ნოკაუტის შემდეგ ჩარლზ ოლივეირა ასე მალე დაბრუნდებოდა? პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბს აზრი მხოლოდ ფიზიევისთვის აქვს, „დუ ბრონქსისთვის“ - არანაირი. როგორც მითხრეს, არსებობდა სერიოზული პრობლემა რიო დე-ჟანეიროს ქარდზე მთავარი ბრძოლის მონაწილეების მოძებნაზე. ბევრი ვარაუდობდა ჟაილტონ ალმეიდაზე, მაგრამ მას სხვა ადგილზე ალექსანდრ ვოლკოვთან ჩხუბი ჩაუნიშნეს.
სარეიტინგო თვალსაზრისით ეს ჩარლზისთვის ყველაზე ცუდი ბრძოლა იქნება, რადგან მოგება არაფერს მისცემს. მართლაც ვერ ვხვდები, რატომ დათანხმდა ოლივეირა ამ ყველაფერს? რიო დე-ჟანეიროს ღონისძიება გადაარჩინა, რაც შესაძლოა კარიერის დასრულების ფასად დაუჯდეს“.
ცნობისათვის, რენატო მოიკანომ ბოლოს ბენეილ დარიუშთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.