შოთა არველაძე
Aa
Aa

აშკარა გოლი არ ჩაგვითვალეს | არველაძემ სეზონი მარცხით დაიწყო

თურქეთის სუპერ ლიგის ახალ სეზონში „ქასიმფაშამ’’ პირველი მატჩი შოთა არველაძის მწვრთნელობით ჩაატარა. ემრე ბელოზოღლუს „ანთალიასპორმა’’ შინ „ქასიმფაშას’’ 2:1 მოუგო. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-19 წუთზე გიურაი ვურალმა მასპინძლები დააწინაურა, 31-ე წუთზე სენეგალელმა პაპე ჰაბიბ გეიემ ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე ბელგიელმა ნიკოლა სტორმმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

არველაძე: „დღის ამ მონაკვეთში თამაში მარტივი არაა. ტრავმებისა და წყლის დალევის გამო მატჩი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ჩერდებოდა, რის გამოც მაყურებლისთვის ძალიან კარგი მატჩი არ იყო, მაგრამ საწყისი მატჩები ყოველთვის რთულია.“

შოთა არველაძემ აღნიშნა, რომ მის გუნდს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს: „VAR-მა ეპიზოდს 6-7 წუთი უყურა. ვინც ტელევიზორიდან უყურებდა, ამბობდნენ რომ აშკარა გოლი იყო. ცუდი სტარტია, ცუდი დასაწყისია. ბევრს ვიმუშავებთ’’.

49-ე წუთზე „ქასიმფაშას'' ბრაზილიელმა მცველმა კლაუდიო ვინკმა ცაციათი „ცხრიანში'' შეაგდო, თუმცა VAR-მა ჩათვალა, რომ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა და გოლი გაუქმდა.

ცნობისთვის, 52 წლის ქართველი სპეციალისტი „ქასიმფაშას'' 2012-15 წლებშიც წვრთნიდა. მიმდინარე ზაფხულში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და მისთვის კარგად ნაცნობი თურქული კლუბი ჩაიბარა.

გასულ სეზონში „ქასიმფაშამ'' თურქეთის სუპერ ლიგაში მეათე პოზიცია დაიკავა. არველაძე „ქასიმფაშას'' გარდა თურქეთის სუპერ ლიგის კიდევ სამ გუნდს წვრთნიდა: „კაისერს“ (2010-12), „ტრაბზონსა“ (2015) და „ქარაგიუმრუკს“ (2023-24). გარდა ამისა, თელ-ავივის „მაქაბის'', ტაშკენტის „ფახთაქორისა'' და „ჰალის'' თავკაცი იყო.

მსგავსი სიახლეები