კრიმინალური უბნიდან ბერნაბეუმდე - კარიმ ბენზემას გზა მადრიდამდე
კარიმ ბენზემა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველად, 2005 წლის ნოემბერში მოხვდა, როდესაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე მის „ლიონს“ მასპინძლობდა.
„ეს დაუვიწყარი საღამო იყო, ბედნიერი ვიყავი. სტადიონის დატოვებისას, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ერთ დღეს აქ აუცილებლად ვითამაშებდი“, - იხსენებდა მოგვიანებით ბენზემა, რომელიც ბავშვობიდან რონალდოს ფანი იყო.
სამნახევარი წლის შემდეგ, ფლორენტინო პერესი თავად ჩავიდა ლიონის გარეუბან ბრონში, სადაც ბენზემას ოჯახი 70-იანი წლების შუახანებიდან ცხოვრობდა.
„მიწვევდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“, „მილანი“ და „ინტერი“, მაგრამ „მადრიდი“ უნიკალურია — იქ მოხვედრაზე ყველა ოცნებობს, ბრონში ჩამოსული პრეზიდენტი პერესი ფრანგულად დამელაპარაკა და დამარწმუნა, რომ ნამდვილად ვჭირდებოდი. უარის თქმა არ შემეძლო. „რეალში“ გადასვლა ჩემი ოცნება იყო“, - აცხადებდა კარიმი.
ანრი ბაიადამ — კარიმის პირველი კლუბის, „ბრონ-ტერაიონის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პერესის ჩამოსვლას საკუთარი კაბინეტიდან ადევნა თვალი.
„პერესი აქ შავი მანქანით ჩამოვიდა. მუქი კოსტიუმითა და სათვალით“, — იხსენებდა ანრი ბაიადა, რომლის გარეშეც კარიმი, სავარაუდოდ, ფეხბურთელი საერთოდ ვერ გახდებოდა.
1994 წელს ანრისთან ჰაფიდ ბენზემა მივიდა და შესჩივლა, რომ მისი 8 წლის შვილი რაიონულ კლუბში არ აჰყავდათ — მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ სეზონი უკვე დაწყებული იყო, შემადგენლობა კი დაკომპლექტებული.
„ვხედავდი, რომ კოკო (კარიმის ბავშვობისდროინდელი მეტსახელი) საათობით მარტო ათამაშებდა ბურთს და მისი დახმარება მინდოდა— აქ, ლიონის რეგიონის ყველაზე კრიმინალურ რაიონში, ბავშვები ან ფეხბურთით არიან დაკავებულნი, ან ნარკოვაჭრობით. ბევრი მტერი გავიჩინე იმისთვის ბრძოლაში, რომ ჩვენს კლუბში სხვადასხვა წარმოშობისა და სოციალური ფენის ბავშვები მიგვეღო. მაშინაც დაჟინებით მოვითხოვე, რომ კოკო გუნდში აეყვანათ“, — ამბობს ბაიადა წიგნში „ბენზემას სისტემა“.
მწვრთნელის, ფრედერიკ რიგოლეს თქმით, მას შემდეგ კარიმი „ლეო ლაგრანჟის“ სტადიონიდან აღარ გამოდიოდა. მას არა მხოლოდ კარში დარტყმა, არამედ ბურთების მოგერიებაც უყვარდა: „მაშინ ის საკუთარ თავს ვან დერ სარს ეძახდა“.
ბენზემა დიდ ფეხბურთში უნივერსალურად მომზადებული მივიდა: „4-5-6 წლის ასაკში, ქუჩაში ჩემზე უფროს და დიდ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მათთვის კონკურენცია რომ გამეწია, ტექნიკასა და სიჩქარეში მკვეთრად უნდა მომემატებინა. ეს ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო“, - თქვა მოგვიანებით ბენზემამ Foot Citoyen-თან ინტერვიუში.
კარიმი ცხრაშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი იყო, თუმცა მშობლების მზრუნველობა არ აკლდა.
„მამამ ჩემი გუნდში ჩარიცხვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაინახა, რომ ჩემი მეგობრები სახიფათო გზას დაადგნენ. დედა კი, მიუხედავად უამრავი საზრუნავისა, ყოველთვის პოულობდა სახსრებს, რომ ჩემთვის ახალი ბუცი ეყიდა“, — იხსენებს კარიმი France Football-თან ინტერვიუში.

ზოგჯერ მალიკა ბენზემა თავად დგებოდა კარში და შვილს შორიდან დარტყმების დამუშავებაში ეხმარებოდა, როცა კარიმს სათამაშო პარტნიორი არ ჰყავდა.
„ლიონის“ აკადემიის მწვრთნელებთან გზის გაკვალვა, სადაც ბენზემა 9 წლის ასაკში მოხვდა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ტრანსფერს ხელი იმან შეუწყო, რომ აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჟერარ ბონო, კარიმის ბიძასთან ერთად „ვილერბანში“ თამაშობდა.
პირველ წლებში ბენზემა ვარჯიშებზე სახლიდან დადიოდა, 14 წლის ასაკში კი ლიონის ინტერნატში გადავიდა. ეს წესების დარღვევით მოხდა — იქ მხოლოდ იმ ბავშვებს ასახლებდნენ, რომლებიც ქალაქიდან 40 კილომეტრზე მეტი დაშორებით ცხოვრობდნენ, ბრონი კი სულ რაღაც 3 კილომეტრში იყო.
„კარიმის მამამ გვითხრა, რომ მისი შვილისთვის ასეთ კრიმინალურ რაიონში დარჩენა სახიფათო იყო და გვთხოვა, კარიმი იქიდან როგორმე გამოგვეყვანა“, — იხსენებს მწვრთნელი რობერ ვალეტი.
აკადემიაში კარიმის ჩაკეტილობა ყველას არ მოსწონდა. 15 წლის ასაკში ის ხშირად სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა, რის გამოც ნაწყენდებოდა და ფეხბურთიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა.
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 16 წლის ასაკში ის მწვრთნელ არმან გარიდოსთან მოხვდა. მისმა ნდობამ კარიმი გამოაფხიზლა და დიდ ფეხბურთში გზა გაუკვალა.
კარიმს ასევე დაეხმარა ფიზმომზადების მწვრთნელი, გიომ ტორა. მან სწორად შეურჩია ვარჯიშები, როდესაც 16-17 წლის ასაკში ბენზემამ ერთ წელიწადში 12 სანტიმეტრით გაიზარდა სიმაღლეში და 6 კილოგრამი მოიმატა.

21 წლის ასაკში, ბენ არფა სკანდალურად წავიდა „მარსელში“, კარიმმა კი უფრო გაწონასწორებული გზა აირჩია.
2005 წლის იანვარში მან „ლიონის“ შემადგენლობაში, ლიგა 1-ში პირველად ითამაშა. „მეცთან“ მატჩის 78-ე წუთზე, კარიმი მოედანზე უგვარო მაისურით გამოვიდა, სიდნეი გოვუ შეცვალა და მალევე საგოლე მოქმედება შეასრულა. იმავე წლის დეკემბერში კი — მადრიდში რონალდოს ავტოგრაფიანი მაისურის მიღებიდან ზუსტად 2 კვირის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე „როსენბორგს“ გაუტანა.
2009 წელს ბენზემა მადრიდის „რეალში“ გადავიდა, სადაც 648 მატჩი ჩაატარა, 354 გოლი გაიტანა და 158 ასისტი მიითვალა.