შემადგენლობაზე ინფორმაცია ისევ გაიჟონა? | რას წერს Daily Mail-ი ჩელსისა და პსჟ-ზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ გახლავთ. პირველი შეხვედრის დაწყებამდე უცხოურ პრესაში სკანდალი აგორდა, რომელიც „არისტოკრატების“ შემადგენლობას უკავშირდება. Daily Mail-ის მიხედვით, „ლურჯების“ გასახდელიდან ინფორმაციამ გაჟონა და ფრანგულ პრესაში მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდნენ, სასტარტო თერთმეტეული როგორი იქნებოდა.
„პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის შემდეგ „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა თქვა, რომ დამნაშავეს აუცილებლად იპოვიდა, თუმცა როგორც ჩანს ეს არ გამოვიდა. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე Onze Mondial-მა დაწერა, რომ „არისტოკრატები“ დაცვას გადაახალისებენ.
ფრანგული გამოცემა იუწყება, რომ უესლი ფოფანა, რომელსაც პირველი მატჩისას პარიზში და შაბათს „ნიუკასლ იუნაიტედთან“ დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებდნენ, განმეორებით შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩება. მის ნაცვლად, 20 წლის ჯარელ ჰატო, სავარაუდოდ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ტრევო ჩალობასთან ერთად ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მალო გუსტოს თამაშიც, რომელსაც მცირე ავადმყოფობა აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი შეხვედრა 5:2 მოიგო და კომფორტული უპირატესობა აქვს. ამ გუნდების მეორე შეხვედრა 17 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.