„ნამდვილი ცხოველია“ - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩაზე
ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა და გავლენიანი გამოცემა Le Parisien-ის ანალიტიკოსმა, დომინიკ სევერაკმა პსჟ-სა და „ჩელსის“ საპასუხო მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და პირველ მატჩში, მისი სათადარიგოთა სკამზე დასმის მიზეზები განიხილა.
რას ამბობს სევერაკი:
„ვფიქრობ, ის სათადარიგოთა სკამზე ტაქტიკური მოსაზრებით დარჩა, რადგან ლუის ენრიკემ ცენტრალურ გამთამაშებლად დუე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, კვარა მოედანზე საოცრად მოტივირებული და შემართული შემოვიდა. ის ნამდვილი „ცხოველია“ — და ეს ჩემი მხრიდან პოზიტიური შეფასებაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული“.
„მანამდე აღვნიშნე, რომ ბარკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია საჯარიმოს გარეთ, თუმცა კვარა, უბრალოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მას ყველაფერი აქვს. შესაძლოა, ცოტა სტაბილურობა აკლია (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის თავად ირჩევს კონკრეტულ მატჩებს, რაც დიდ ფეხბურთელებს ახასიათებთ), თუმცა, სხვა მხრივ, ის ისეთივე კლასისა და დონისაა, როგორც ოლისე, ლუის დიასი, იამალი, რაფინია თუ ვინისიუსი, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსისთან“ პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა და მოედანზე ყოფნის პერიოდში ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, პსჟ-მა 5:2 გაიმარჯვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო დაპირისპირება ლონდონში საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.