ბარსელონა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “აქ ბედნიერი ვარ, ბარსელონა ჩემი ბოლო კლუბია“

ჟოან ლაპორტამ დღეს დილას განაცხადა, რომ „ბარსელონა“ უახლოეს პერიოდში ჰანსი ფლიკთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად გამოაცხადებს — ახალი შეთანხმება 2028 წლამდე იქნება გათვლილი, მაშინ როცა გერმანელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი 2027 წელს იწურება.

თუმცა თავად ფლიკი დღის განმავლობაში უფრო ფრთხილი იყო კომენტარებში. მან არ ისურვა ყურადღების გადატანა ოთხშაბათის მნიშვნელოვან მატჩზე „ნიუკასლის“ წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონტრაქტზე საუბარი ნაადრევია — როგორც სეზონის მიმდინარეობის გამო, ისე იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად აქვს მისაღები.

მიუხედავად ამისა, 61 წლის სპეციალისტმა ერთ მნიშვნელოვანი დეტალი გაამხილა — „ბარსელონა“ მისი სამწვრთნელო კარიერის ბოლო კლუბი იქნება.

„ვფიქრობ, აშკარაა, რომ აქ მუშაობა მომწონს, თუმცა ჩემთვის დამოუკიდებლობაც მნიშვნელოვანია. ძლიერი ოჯახი მყავს და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ეს ფეხბურთია და მე ვცდილობ გუნდს მაქსიმუმი მივცე… მაგრამ ვნახოთ, დრო გვაქვს. სხვა კლუბზე არ ვფიქრობ. ეს ჩემი ბოლო სამუშაო იქნება და ეს მაბედნიერებს,“ — განაცხადა ფლიკმა „ნიუკასლთან“ მატჩის წინ.

გერმანელმა მწვრთნელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს პირადი საკითხებით გუნდის კონცენტრაციის დარღვევა. „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება, ხოლო პირველი შეხვედრა „სენტ ჯეიმს პარკზე“ 1:1 დასრულდა.

„ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრის დრო არ არის. კლუბისთვის და ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ ოჯახის წევრებთან საუბარი მჭირდება. ამისთვის დრო გვექნება,“ — დასძინა მან.

ფლიკი არასდროს მალავდა, რომ „ბარსელონაში“ და კატალონიაში თავს კომფორტულად გრძნობს. მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც გულშემატკივრებთან, ისე კლუბის ხელმძღვანელობასთან, რაც კომუნიკაციას ამარტივებს. ასევე მჭიდრო კავშირი აქვს ფეხბურთელებთანაც.

კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოოდ ფლიკი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მიუხედავად მისი ბოლო კომენტარებისა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები