20-წლიანი ლოდინი დასრულდა - არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის არსენალმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
გარდამავალი უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონდა. ორივე კლუბი ეპიზოდურად უტევდა.
პირველ ტაიმში შანსები მეტნაკლებად თანაბარი იყო. 44-ე წუთზე ტროსარის ყუმბარისებული დარტყმა იან ობლაკმა მოიგერია, თუმცა ცარიელ კართან ბუკაიო საკა დარჩა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. ატლეტიკო გათანაბრებას ცდილობდა და ორი კარგი შანსიც ჰქონდა. ერთ ეპიზოდში ჯულიანო სიმეონე ცარიელ კართან დარჩა, მაგრამ გაბრიელ მაგალაესმა უდიდესი დაცვითი ოსტატობა გამოავლინა და არგენტინელს გოლის გატანის შანსი არ მისცა.
მეორე შანსი სორლოტს შეექმნა. ნორვეგიელი თავდამსხმელი დასარტყმელ პოზიციაში დარჩა, თუმცა ბურთს ფეხი ააცილა და მომენტი განიმუხტა. ლონდონელთა მხრიდან სხვაობის ორამდე გაზრდის შანსი გიოკერეშს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს ასცდა.
საბოლოო ჯამში, მატჩი 1:0 დასრულდა და ლონდონის არსენალი 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის ბაიერნს ან პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.