სიმეონე: ერთ მომენტზე არ უნდა ჩავიციკლოთ, არსენალს ვულოცავ გამარჯვებას
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საპასუხო მატჩში ლონდონის არსენალმა შინ ატლეტიკოს 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა. გამარჯვების გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ Movistar Liga de Campeones-თან ისაუბრა.
ტაში მატჩის ბოლოს: ჩვენი გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ. მაქსიმუმი გავიღეთ. იმაზე ბევრად შორს წავედით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დასანანია, რადგან ვფიქრობ, დავიმსახურეთ დამატებითი დრო, რომელიც კიდევ ერთ შანსს მოგვცემდა.
დეტალები: პირველ შეხვედრაში უკვე გვქონდა გოლის გატანის შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. დღეს მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, მეტწილად მეტოქის ნახევარზე ვთამაშობდით, შევქმენით მომენტები, მაგრამ ყველა ის პატარა დეტალი, რომელიც ზოგჯერ შენს სასარგებლოდ მუშაობს, ამჯერად ჩვენს მხარეს არ იყო.
სადავო ეპიზოდი: სათქმელი არაფერია, ტურნირს გამოვეთიშეთ. ვულოცავ არსენალს, რადგან კარგად თამაშობენ. მათ ჰყავთ გუნდი და მწვრთნელი, რომელიც მომწონს. ისინი თანმიმდევრულად მუშაობენ და აქვთ შესაბამისი ეკონომიკური პოტენციალი. ვულოცავ მათ, ჩვენ კი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ერთ დეტალზე არ უნდა ჩავიციკლოთ, რომელიც ისედაც ძალიან ნათლად ჩანს.