სად წავა მამუკელაშვილი? - „შარშან სხვაგან უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ“
სანდრო მამუკელაშვილი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა ქართველი კალათბურთელი ამბობს, რომ „ტორონტოში“ დარჩენა სურს.
გამოცემა Heavy წერს, რომ მომდევნო სეზონისთვის მამუკელაშვილს $2.8-მილიონიანი ოფცია აქვს, რასაც სანდრო დიდი ალბათობით არ გამოიყენებს და შეეცდება, „ტორონტოსთან“ გაუმჯობესებული პირობებით გააფორმოს კონტრაქტი.
პლეიოფის პირველ რაუნდში „კლივლენდთან“ მარცხის შემდეგ მამუკელაშვილმა თავის მომავალზე ისაუბრა:
„ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, რომ შარშან სხვა გუნდები უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტს სპორტული კომპონენტი წარმოადგენს. მინდოდა ისეთ გუნდში მეთამაშა, სადაც ტიტულებს მოვიგებდი.
ამ ზაფხულსაც იგივეს ველოდები: შევაფასებ ყველა ვარიანტს, თუ სად რა როლს შემომთავაზებენ. იმედია, ეს ისევ „ტორონტო“ იქნება. ძალიან მინდა აქ დაბრუნება. მიყვარს ქალაქი, გულშემატკივრები, კლუბი და მთავარი მწვრთნელი დარკო რაიაკოვიჩიც. მან მომცა შანსი, მეჩვენებინა, თუ რა შემიძლია“.
ცნობისთვის, ტორონტოში სადებიუტო სეზონში მამუკელაშვილმა 80 მატჩი ჩაატარა (13 ძირითადში) და საშუალოდ 21.9 წუთში 11.2 ქულას, 4.9 მოხსნას, 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქართველი ცენტრი „სეზონის საუკეთესო მე-6 კალათბურთელის“ გამოკითხვაში მეათე ადგილზე მოხვდა.