„აქამდე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო“ - გუარდიოლა ევერტონთან ფრეზე
„ევერტონთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (3:3) „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა „ქალაქელების“ საჩემპიონო შანსები შეაფასა.
„რა თქმა უნდა, წაგებას ფრე სჯობს. 3 ქულა კიდევ უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ვიცოდით, რამდენად რთული მეტოქეა „ევერტონი“, ისინი ძალიან აგრესიულად თამაშობენ. პირველ ტაიმში შესანიშნავად გამოვიყურებოდით, მეორე ტაიმში კი მათ გვაჯობეს.
პირველი გოლი ვაჩუქეთ, შემდეგ კი კუთხურიდან გაგვიტანეს, რაშიც მოიესის გუნდი ყოველთვის ძლიერები არიან. ჩვენც გვქონდა მომენტები, დოკუს გოლი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ მხოლოდ ქულა წამოვიღეთ.
აქამდე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ახლა ასე აღარაა. ვემზადებით „ბრენტფორდისთვის“ - ვნახოთ, რა მოხდება. როდესაც უპირატესობას ფლობ, ის გოლებად უნდა აქციო, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვიმყოფებოდით საჩემპიონო ბრძოლის მხრივ“.
ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტი“ ახლა ლონდონის „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა გუარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
დარჩენილ ტურებში არსენალისა და სიტის კალენდარი ასე გამოიყურება:
არსენალი: ვესტ ჰემი (გასვლა), ბარნლი (შინ), კრისტალ პალასი (გასვლა).
მანჩესტერ სიტი: ბრენტფორდი (შინ), კრისტალ პალასი (შინ), ბორნმუთი (გასვლა), ასტონ ვილა (შინ).