ნინიაშვილი კაპიტნად და მიქაუტაძის დაბრუნება - ბრონკანის პირველი არჩევანი
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს, ერთა თასის გათამაშებას ხვალ, მონტევიდეოში ადგილობრივ ურუგვაისთან შეხვედრით დაიწყებს. ეს მატჩი ნებისმიერ შემთხვევაში დიდ ყურადღებას იქცევს, რადგან ბორჯღალოსნების ფრანგი დამრიგებლისთვის, პიერ-ანრი ბრონკანისთვის სადებიუტო იქნება და მან 23-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის აღმოჩენაა შესაძლებელი.
კონსტანტინე მიქაუტაძის შესაძლებლობების შესახებ თუ ვინმემ კარგად იცის, ეს უპირველეს ყოვლისა ბრონკანია, რომელიც მას „ბრივში“ ავარჯიშებდა და თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებშიც დააბრუნა. ვეტერანი მეორეხაზელი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ წინ, 1 ივლისს 35 წელი შეუსრულდა და ბორჯღალოსნებში 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, ძირითადში იქნება და შერკინებაში მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება.
დასამახსოვრებელი შეხვედრა იქნება თორნიკე ჯალაღონიასთვის, რომელიც 50-ე სანაკრებო მატჩს გამართავს, ხოლო „შავი ლომის“ მორაგბის რომა მახათაძის სახით ერთადერთი დებიუტანტია. აქვე გეტყვით, რომ პიერ-ანრი ბრონკანის გადაწყვეტილებით, ურუგვაელებთან საქართველოს ნაკრებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს, რომელიც მისთვის უცხო პოზიციაზე, ცენტრში გიორგი კვესელაძესთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.
ცნობისათვის, საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებს შორის აქამდე გამართული შვიდი მატჩიდან ხუთი ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს, ორ შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ურუგვაი-საქართველოს შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.