„სამწუხარო მარცხია, ბევრი სამუშაო გვაქვს“ - კოლელიშვილი იმედგაცრუებულია
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. „უმცროს ბორჯღალოსნებს“ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის სახით მართლაც უძლიერესი მოწინააღმდეგე ჰყავდათ და მართალია ლუკა ტაბატაძის ლელოთი იგებდნენ, თუმცა ამის შემდეგ მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და საბოლოოდ, 5:33 დამარცხდნენ. ბუნებრივია, მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მარცხი ძალიან საწყენია. მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი მზადების პროცესში მთავარი მესიჯი იყო ის, რომ წინა მატჩთან შედარებით გავზრდილიყავით და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა, რაც სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. მიუხედავად ყველაფრისა, იყო ეპიზოდები, როდესაც თამაშში დაბრუნება შეგვეძლო, მაგრამ აქ უკვე დეტალებმა, შეცდომებმა და უზუსტობამ შეგვიშალა ხელი.
ბევრი გვაქვს სამუშაო - დიდ გუნდებთან მხოლოდ შემართებით და თავდადებით ვერ მოიგებ. ახლა ყველაზე მთავარია მოტივაცია შევინარჩუნოთ, რადგან წინ კიდევ სამი მატჩია და გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ეს ტურნირი ჩვენს სამშობლოში ტარდება“.
ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებები აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთჯერ შეხვდნენ და ხუთივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ურუგვაის შეხვდებიან და მატჩი 7 ივლისს, ავჭალის სტადიონზე 20:30 წუთზე დაიწყება, რის შემდეგაც ქართველი მორაგბეები პლეი ოფში ადგილებისთვის ორ შეხვედრას ჩაატარებენ.