„დამიმტკიცა, რომ ვცდებოდი“ - ჰოლოუეიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა
რამდენიმე დღის წინ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან გამარჯვებით, მაქს ჰოლოუეისთან განცდილი მარცხის რევანშიც აიღო.
გეიჯის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ჰოლოუეი, რომელმაც „ჰაილაითის“ ნათქვამს სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ ვერ ხვდება, როგორ მუშაობს გეიჯის „MMA-ს მათემატიკა“.
რას ამბობს ჰოლოუეი:
„მეც ვნახე, რასაც ჯასტინი ამბობდა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ თუ ვიღაცასთან მოგებით, თურმე სხვასაც ამარცხებ. ტექნიკურად, როდესაც დასტინ პორიეს მოვუგე, კონორ მაკგრეგორიც დავამარცხე? თუ ამ ლოგიკას გულისხმობს, სისულელეა. საბოლოო ჯამში, ხუმრობა იქით იყოს და, რაც არის, ეგ არის, მისის მათემატიკა ვერ გავიგე.“
ამის შემდეგ, „დალოცვილმა“ ილიას წინააღმდეგ, ჯასტინ გეიჯის ჩხუბი შეაფასა და ამერიკელ მებრძოლს ჩემპიონობა მიულოცა:
„რაც შეეხება ილიასთან ბრძოლას, ვგიჟდებოდი, როდესაც ხალხი ჯასტინს რომ ჩამოწერდა ხოლმე. არც მე ვთვლიდი მას ფავორიტად, მაგრამ ვფიქრობდი, რომ თუ ჯასტინი მოგებას შეძლებდა, ეს ზუსტად ასე უნდა გაეკეთებინა. მეგონა, ფეხით დარტყმებს უფრო მეტად გამოიყენებდა, მაგრამ ეს მუშტებით შეძლო. დამიმტკიცა, რომ ვცდებოდი. გავიდა და თავისი საქმე გააკეთა. ყოველთვის სიგიჟეა იმის ყურება, როცა სპორტში კონკრეტულ ადამიანს დაუმარცხებლობის აურა აქვს შემოხვეული, ხალხს ჰგონია, რომ ის დაუმარცხებელია, შემდეგ კი ვიღაც გამოდის და ამ აურას ანგრევს.“
„ვულოცავ ჯასტინს. ის საბრძოლველად გავიდა, კარგად გამოიყურებოდა და თავის გეგმას ზუსტად მიჰყვა. ძალიან ჭკვიანურად იბრძოლა. გათვლილ რისკებზე წავიდა და ამან გაამართლა. ტანში მიღებულ იმ დარტყმასაც კი გაუძლო. ნამდვილი დემონია. ვულოცავ ჩემპიონს.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.