ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„თოფურიამ ყველა ხაზი გადაკვეთა“ - კროუფორდმა ილიაზე ისაუბრა

მსოფლიო კრივის ვარსკვლავმა, ტერენს კროუფორდმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მასთან სიტყვიერი დაპირისპირება გაიხსენა. კროუფორდმა განაცხადა, რომ „ელ მატადორმა“ მის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა ამის გამო, ჯასტინ გეიჯისგან საკადრისი პასუხი მიიღო.

ტერენს კროუფორდი - „თეთრი სახლის ქარდი შესანიშნავი იყო. ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა. ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი. რამდენიმე შესანიშნავი ბრძოლა ვიხილეთ და სანახაობით ნამდვილად ვისიამოვნე.“

არიელ ჰელვანი - „ცხადია საინტერესო იყო, რადგან მთავარ ბრძოლაში მონაწილე ილია თოფურიასთან სიტყვიერი დაპირისპირება გქონდა. შემიძლია გკითხო, რა დაინახე ამ ბრძოლაში? სხვათა შორის, აქვეა ტვიტი, რომელიც შენ დაწერე და მგონი ვხვდები, რაზეც საუბრობ: „ეს ის ბიჭია, რომელმაც თქვა, რომ დამანოკაუტებდა და მე და კანელოს ერთდროულად გვცემდა“. ეს ხომ ილიას ეხებოდა? სწორად გავიგე, არა?“

კროუფორდი - „დიახ, ნამდვილად. ჯერ ერთი, საერთოდ არ ვიცოდი ეს ბიჭი ვინ იყო. როცა UFC-ზე გვერდით ჩამიარა, სურათი გადავიღეთ და ხელი ჩამომართვა. არ ვიცოდი ვინ იყო, სანამ არ გამოვიდა და არ თქვა, რომ მე და კანელოს დაგვაკაუტებდა. გავიფიქრე, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი? მერე მეუბნებიან, აი, ტერენსმა მასთან სურათი გადაიღო და ა.შ. მე კი ვამბობდი, რომ მისი ბრძოლა არასდროს მქონდა ნანახი. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩხუბი შეუძლია. ჰოდა, ვფიქრობდი: რადგან მისი ჩხუბი არ მინახავს, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ მე ვერ მცემს.

მერე ცოტა შევკამათდით და თქვა, რომ ოთახში მე და კანელოს ერთად შეგვყრიდა, გვცემდა და იქიდან მხოლოდ ის გამოვიდოდა. გავიფიქრე — „ოჰ, გასაგებია“. დავინტერესდი მისი ბრძოლის ხილვით, ბიჭის, რომელზეც ყველა საუბრობს და ამბობს, რომ კრივის უდიდესი უნარები აქვს და შეუძლია კრივშიც ძალიან კარგად გამოვიდეს. ამიტომ, ნამდვილად ჩავრთე და ვუყურე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მისი ბრძოლა ვნახე.

პირველი შთაბეჭდილება კი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. როცა ის გამოდის და ამბობს, რომ მე, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს მცემს და დამანოკაუტებს, ვფიქრობ, ეს უპატივცემულობის ნიშანია. შენ პატივს არ სცემ ჩემს მემკვიდრეობას. მე არასდროს მივიდოდი MMA-ში და არ გამოვხატავდი მათ მიმართ უპატივცემულობას, არ ვიტყოდი: „აი, დაგახრჩობ“ ან რაღაც მსგავსს, რადგან ვიცი, რომ ეს რთული ამოცანა იქნებოდა. ისინი ამას იმდენი ხანია აკეთებენ, რომ ყველა დეტალი იციან, ისევე როგორც მე — კრივში. კრივით 7 წლიდან ვარ დაკავებული. გამორიცხულია, ეს ბიჭი მოვიდეს და ისეთი რამ გამიკეთოს, რაც მანამდე არავის, არავისთან გაუკეთებია.

ასე რომ, როცა ვუყურებდი, როგორ ხვდებოდა ჯები და კომბინაციები მთელი ბრძოლის განმავლობაში, ვფიქრობდი: „რა ხდება? რამ აღაფრთოვანა ყველა?“. ტანში რამდენიმე კარგი დარტყმა შეასრულა. ის პირდაპირ წინ მოდიოდა, როგორც ნებისმიერი პირდაპირ მოჩხუბარი მებრძოლი, და წააგო.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საკუთარ თავთან გულწრფელობა წარმატების გასაღებია“ - ჯონ ჯონსმა ილიაზე ისაუბრა
„საკუთარ თავთან გულწრფელობა წარმატების გასაღებია“ - ჯონ ჯონსმა ილიაზე ისაუბრა