სამი ბრძოლა მოიგო - ბერიძის ბრინჯაო პლანეტის პირველობაზე
მხოლოდ ერთი და ისიც ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესაძლოა ბევრისთვის დიდ მიღწევად არ ითვლებოდეს, მაგრამ როდესაც ჩვენნაირ პატარა ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონატზე პრიზიორი ჰყავს, ეს ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. პლანეტის 19-წლამდე პირველობაზე, რომელსაც მონტენეგროს ქალაქმა ბუდვამ უმასპინძლა, წარმატებას შალვა ბერიძემ მიაღწია.
ტურნირზე ასპარეზობა ბერიძემ 1/16-ფინალურ ეტაპზე ავსტრალიელი ნეითენ მლაჩიჩის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალში ამერიკელ რეფუხიო ველოს მედრანოსთან გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში შალვა ინდოელ ამინ დევიზე ძლიერი აღმოჩნდა და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ბერიძეს ფინალში გასვლაც შეეძლო, თუმცა რუს ვლადიმირ ორსოვთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
ცნობისათვის, შალვა ბერიძის გარდა, მსოფლიოს 19-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ხუთი მოკრივე, სანდრო კაპანაძე (60 კგ), ლუკა ჩხიკვაძე (65 კგ), აკაკი ბასარია (70 კგ), დავით მხეცაძე (80 კგ) და ზურაბ ობოლაძე (85 კგ) ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს