შვიდი მედალი და სამი ჩემპიონი - მოკრივეები ბრანდენბურგის თასზე
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული 19-წლამდე მოკრივეთა შორის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ბრანდენბურგის თასი“ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ტრიუმფალურად დასრულდა. საქართველოს სახელით შეჯიბრებაში შვიდ წონით კატეგორიაში ამდენივე სპორტსმენი გავიდა და მედლის გარეშე რინგი არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია. საერთო ჯამში ჩვენმა მოკრივეებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საუკეთესო შედეგი 50, 55 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, შალვა ბერიძემ, ემილ ისმაილოვმა და ზურაბ ობოლაძემ აჩვენეს. ფინალში ბერიძემ აზერბაიჯანელ ალი ალიევს მოუგო, ისმაილოვი ასევე აზერბაიჯანელ ნიჰატ გასიმოვზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო ობოლაძემ ფრანგი ლენი ლეგანეური დაამარცხა. ჩემპიონობასთან ახლოს იყვნენ ლუკა ჩხიკვაძე (65 კგ) და აკაკი ბასარია (70 კგ), თუმცა ორივე მათგანი გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსნებს, მესამე საპრიზო ადგილი როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი ქვეყნის ორმა წარმომადგენელმა, სანდრო კაპანაძემ (60 კგ) და გოგა ბრეგვაძემ (75 კგ) დაიკავა.