პირველი მედალი და პირველივე ოქრო - მოკრივეების წარმატება სერბეთში
სერბეთის ქალაქ ლოზნიცაში გამართული 19-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს - შალვა ბერიძე (50 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, აკაკი ბასარია (70 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო ნაკრების კაპიტანმა დავით მხეცაძემ (80 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ბერიძემ კონტინენტის პირველობაზე მედალი პირველად მოიპოვა და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პირველივე უმაღლესი სინჯის გამოდგა. შალვამ ფინალამდე ბერძენი რაფაილ ვასილოპულოსი, გერმანელი სავა ბროდსკი, სომეხი ტიგრან კირაკოსიანი და ბელარუსი რამინ ჰურბანაუ დაამარცხა, ხოლო ფინალში ირლანდიელ კრისტიან ჯობანს აჯობა. ირლანდიელი მეტოქე ჰყავდა ფინალში ევროპის შარშანდელ ჩემპიონ აკაკი ბასარიასაც, რომელიც ჯონ მაჰერთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. გადამწყვეტ შეხვედრამდე აკაკი ისრაელელ არტურ არტურ ეიტან პროჰნევსკიზე, ლიეტუველ ლუკას პეტრასკაზე, გერმანელ იანის ჰემერზე და უკრაინელ ბოჰდან კოზაკზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, დავით მხეცაძემ გზიდან აზერბაიჯანელი რენატ გიასლი, ხორვატი იურაი ტუტუნძიჩი და სერბი დოიორჯ ჯორიჩი ჩამოიცილა, ნახევარფინალი კი იტალიელ ტიბერიო ნოჩადელოსთან დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ცნობისათვის, მთავარი მწვრთნელის შალვა დუნდუას ხელმძღვანელობით, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ზემოთ აღნიშნული ჩემპიონისა და ორი პრიზიორის გარდა, კიდევ რვა მოკრივე ემილ ისმაილოვი (55 კგ), სანდრო კაპანაძე (60 კგ), ლუკა ჩხიკვაძე (65 კგ), გოგა ბრეგვაძე (75 კგ), ზურაბ ობოლაძე (85 კგ), ნინო ბექაური (54 კგ), ლიკა ბუკია (60 კგ) და ანჟელა მომცემლიძე (70 კგ) ასპარეზობდა, თუმცა მათ მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს.