უსიკი: “რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ უნდა დაუშვან“
ლეგენდარულმა ოლექსანდრ უსიკმა The Athletic-თან უკრაინულ სპორტსა და რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვებაზე ისაუბრა.
უსიკი მიიჩნევს, რომ რუსი სპორტსმენები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერენ, ოლიმპიურ თამაშებზე არ უნდა დაუშვან. უკრაინელმა მოკრივემ მათ „ტერორისტები“ უწოდა.
უსიკი:
„ვფიქრობ, ეს ცუდი იდეაა. ისინი, ვინც ომს მხარს უჭერენ, ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ. შესაძლოა, ამ ადამიანმა უკრაინელი ბებია მოკლა და შემდეგ ის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა მოხვდეს? ეს შეუძლებელია.
ისინი, ვინც ომს მხარს უჭერენ, ტერორისტები არიან. ამიტომ მხარს ვუჭერ იმას, რომ რუსი სპორტსმენები არ დაუშვან. დღეს ისინი ბომბებს ისვრიან, ხვალ კი ოლიმპიადაზე გამოდიან“.
უსიკის თქმით, უკრაინელმა სპორტსმენებმა მსოფლიოს მუდმივად უნდა შეახსენონ ქვეყანაში მიმდინარე ომის შესახებ, რადგან, მისი შეფასებით, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აცნობიერებს იქ არსებულ ვითარებას.
„მე პოლიტიკოსი არ ვარ, უბრალოდ უკრაინელი ბიჭი ვარ. ჩვენ ყოველდღიურად პრობლემები გვაქვს, რადგან რუსეთი მუდმივად გვიტევს — ბომბებით, რაკეტებითა და ბალისტიკური რაკეტებით. ეს ხდება ყოველდღე, ყოველ ღამეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.
რაც ახლა ხდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ომში ხდება და რაც უკრაინაში ხდება, რადგან ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან.
ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს კი არა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც ესხმიან თავს — საავადმყოფოებს, სკოლებსა და სახლებს. უკრაინელმა სპორტსმენებმა მუდმივად უნდა ისაუბრონ იმაზე, რაც ხდება, რადგან ბევრ ადამიანს ეს ჯერ კიდევ არ ესმის“,
– განაცხადა უსიკმა.