ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

საკამათო გადაწყვეტილება - უსიკმა ვერჰოვენი დაამარცხა

ეგვიპტეში გამართულ დიდ საკრივო საღამოზე სუპერმძიმე წონის ჩემპიონმა ოლექსანდრ უსიკმა WBC-ის საჩემპიონო ქამარი ურთულეს ბრძოლაში შეინარჩუნა. უკრაინელმა ჩემპიონმა ტექნიკური ნოკაუტით ნიდერლანდელი კიკბოქსინგის ლეგენდა რიკო ვერჰოვენი დაამარცხა, თუმცა გამარჯვება დრამატული და საკამათო აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვერჰოვენისთვის ეს პროფესიონალურ კრივში სადებიუტო ბრძოლა იყო, მან მოლოდინს გადააჭარბა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბევრი ვარაუდობდა, რომ უსიკი ბრძოლას კომფორტულად გააკონტროლებდა, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.

ნიდერლანდელმა პირველივე რაუნდებიდან მაღალი ტემპი და ფიზიკური წნეხი შესთავაზა მეტოქეს. მისი აგრესიული სტილი და აქტიური მუშაობა როგორც თავზე, ისე კორპუსში აშკარად პრობლემებს უქმნიდა უკრაინელ ჩემპიონს. არაოფიციალური შეფასებებითაც, ვერჰოვენი საწყის რაუნდებში აშკარა უპირატესობას ფლობდა.

უსიკმა მხოლოდ მეოთხე რაუნდიდან მოახერხა ბრძოლის გარკვეულწილად დაბალანსება, როდესაც ზუსტი „აპერკოტით“ მეტოქის დაცვაში ბზარი იპოვა, თუმცა ვერჰოვენმა წონასწორობა შეინარჩუნა და ბრძოლა კვლავ თავის სტილში განაგრძო.

ბრძოლის უმეტეს ნაწილში სწორედ ნიდერლანდელი გამოიყურებოდა უკეთესად — განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 120-კილოგრამიანი სპორტსმენი საოცარი მობილურობით გამოირჩეოდა და უსიკს სივრცეებს არ უტოვებდა.

გადამწყვეტი ეპიზოდი მე-11 რაუნდში დადგა. გონგამდე ცოტა ხნით ადრე უსიკმა ზუსტი დარტყმით ვერჰოვენი ნოკდაუნში გაუშვა. ნიდერლანდელმა ბრძოლის გაგრძელება შეძლო, თუმცა მალევე რეფერიმ ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირა, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ ვერჰოვენს მე-12 რაუნდამდე მისვლის შანსი უნდა მისცემოდა.

ბრძოლის შემდგომ გამოქვეყნებულმა მსაჯების შეფასებამაც დაადასტურა, რამდენად დაძაბული იყო დაპირისპირება — 10 რაუნდის შემდეგ ორი მსაჯი ფრეს აფიქსირებდა, ხოლო მესამე მცირე უპირატესობას ვერჰოვენს ანიჭებდა.

ცნობისთვის, უსიკისთვის ეს კარიერაში 25-ე გამარჯვებაა და დაუმარცხებელი სტატუსიც შენარჩუნებული აქვს. შეხვედრის შემდეგ რინგზე გამოჩნდა დაუმარცხებელი გერმანელი აგიტ კაბაიელი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელის მომდევნო მეტოქე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები