„თოფურიასთან კრივი პატარა სათამაშოთი თამაშივით იქნება“ - ჯეიკ პოლმა ილიაზე ისაუბრა
გავლენიანი ამერიკელი იუთუბერი, ჯეიკ პოლი კრივში ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლას განიხილავს და ამბობს, რომ ილია მისთვის შესაფერისი მეტოქე არ არის.
ცოტა ხნის წინ, თოფურიასა და ჯეიკ პოლს ადინ როსის ლაივსტრიმის დროს, სატელეფონო საუბრისას ერთმანეთთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ. ილია და პოლი სიტყვიერად შეთანხმდნენ სპარინგზე, მოგივანებით კი ამერიკელმა იუთუბერმა Complex News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ის და თოფურია ერთმანეთის წინააღმდეგ ხელთათმანებს მოირგებენ, მაშინ გაბარიტებში სხვაობის გამო ქართველ მებრძოლს გამარჯვების შანსი არ ექნება.
ჯეიკ პოლი:
„როდესაც ლაივსტრიმებზე არიან, უწევთ საჯაროდ თქვან: „ახლავე ვიჩხუბებ, მოდი, გავაკეთოთ ეს!“ მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდის, არაფერს აკეთებენ. ვნახოთ, რა იქნება. მას პატივს ვცემ, მაგრამ კრივის მატჩი? ხუმრობის გარეშე, ეს ჩემთვის უბრალოდ მოთელვა იქნება. MMA-ში რომ გვეჩხუბა, ალბათ ის მოიგებდა.“
„მაგრამ სიმართლე უნდა იცოდეთ: ვფიქრობ, ეს მებრძოლები ზედმეტად ბევრს ტრაბახობენ და ხალხის წინაშე ისე მოაქვთ თავი, თითქოს იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე სინამდვილეში. თუმცა, მოდი, გავარკვიოთ სიმართლე. სწორედ ეს არის ამ სპორტის მთავარი ხიბლი. მასთან ჩხუბი პატარა სათამაშოთი თამაშს დაემსგავსებოდა. თანაც, ის სადღაც 165 სმ სიმაღლისაა. ის კარგი სტრაიკერია და ერთი სიმაღლის რომ ვიყოთ, ალბათ უფრო თანაბარი ბრძოლა გამოვიდოდა. მაინც მოვუგებდი, მაგრამ მას ატრაქციონზეც კი არ უშვებენ სიმაღლის შეზღუდვის გამო. ეგ ბიჭი პაწაწინაა.“
ილია თოფურია, ედინ როსთან სტუმრობისას, სატელეფონო ზარით ჯეიკ პოლს ესაუბრა და მათ შორის ვითარება დაიძაბა. პოლმა ილიას კრივის წესებით სპარინგი შესთავაზა, რაზეც „ელ მატადორმა“ თანხმობა განაცხადა და დასძინა, რომ პოლი, როგორც მოკრივე არაფრად ვარგა და მათ შორის დიდი სხვაობაა.
ცნობისთვის, პოლს კრივში 14 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 2 მარცხია. პოლმა ბოლოს ენტონი ჯოშუასთან იჩხუბა და მეექვსე რაუნდში დანოკაუტდა.