ტაისონ ფიური, ენტონი ჯოშუა, დენა უაითი
Aa
Aa

ფიური VS ჯოშუა - ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა

თვეების განმავლობაში მიმდინარე დამღლელი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც არაერთხელ შევიდა ჩიხში, კრივში მძიმე წონის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონებმა, ენტონი ჯოშუამ და ტაისონ ფიურიმ, როგორც იქნა, ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბრძოლაზე, რომელიც 11 დეკემბერს უელსში, კარდიფის „პრინსიპალიტის“ სტადიონზე გაიმართება.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა პლატფორმა Netflix-ის მიერ, რის შესახებაც მისმა ორგანიზატორებმა, თურქი ალ აშ-შეიხმა და დენა უაითმა განაცხადეს, რომლებმაც ბრიტანელი მძიმეწონოსნების დიდი ხნის ნანატრი ორთაბრძოლა ოფიციალურად დააანონსეს.

„ამ თაობის ორი საუკეთესო მძიმეწონოსანი საბოლოოდ შეხვდება ერთმანეთს რინგზე. ეს კრივის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იქნება. ძალიან მოხარული ვარ, რომ გულშემატკივრებისთვის ამ ორთაბრძოლის ორგანიზება შევძელი“,

- ალ აშ-შეიხის სიტყვებს ციტირებს გამოცემა The Ring.

„ათ წელზე მეტია, კრივის გულშემატკივრები მძიმე წონაში ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას დაპირისპირებას ელოდნენ. ორთავეს ერთად 66 გამარჯვება, 52 ნოკაუტი და მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის რამდენიმე ტიტული აქვთ. 11 დეკემბერს ამ თაობის ორი უდიდესი მძიმეწონოსანი საბოლოოდ დაუპირისპირდება ერთმანეთს რინგზე, ხოლო გამარჯვებული მძიმე დივიზიონის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“,

- დასძინა უაითმა.

მიმდინარე წლის აპრილში ტაისონ ფიური რინგზე მორიგი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მსაჯთა ერთხმადი გადაწყვეტილებით რუს არსლანბეკ მახმუდოვს მოუგო, ხოლო ივლისში „ბოშათა მეფემ“ მეორე გასახურებელი ბრძოლაც მოიგო, როცა მეშვიდე რაუნდის შემდეგ პოლონელი მარიუშ ვახი შეაჩერა.

ენტონი ჯოშუამაც ორი გასახურებელი ორთაბრძოლა ჩაატარა: გასული წლის დეკემბერში ამერიკელი ჯეიკ პოლი დაანოკაუტა, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში, მეორე რაუნდში ალბანელი კრისტიან პრენგუ მას შემდეგ დაანოკაუტა, რაც თავად პირველ რაუნდში ორჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში. პოლთან ბრძოლის შემდეგ ჯოშუა ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც მისი ორი მეგობარი და გუნდის წევრი - სინა გამი და ლატიფ აიოდელე დაიღუპნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები