„მისი სტილი არ მაღიზიანებს, ყველამ ნახა, მეორე ჩხუბში რაც მოხდა“ | პიოტრ იანი მერაბზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა, მერაბ დვალიშვილთან გასამართ ტრილოგიაზე ისაუბრა. იანი რთულ დაპირისპირებას ელოდება და აღნიშნავს, რომ აბუ-დაბიში ჩხუბი მისთვის ძალიან ხელსაყრელია.
„ვფიქრობ, ისეთ დონეზე ვიმყოფებით, რომელზეც სრულყოფილი მებრძოლობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, მენტალურად და ფიზიკურად მზად იყო და სწორედ ეს მოგცემს საშუალებას, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენო.
მერაბის საბრძოლო გეგმა მაღალ ტემპში ჩხუბი და მეტოქეზე წნეხის განხორციელებაა. MMA-ის ყველა მებრძოლს აქვს გეგმა და მუდამ წინ წასვლა და მეტოქეზე ზეწოლა დვალიშვილის გეგმის ნაწილია. ეს ჩემთვის გამაღიზიანებელი არ არის და ყველამ ნახეთ, ჩვენს მეორე ორთაბრძოლაში რა მოხდა. ალმასის მისაღებად მაღალი ტემპერატურა და წნევაა საჭირო. ცურვა ყველამ იცის, მაგრამ ყველა არ არის მზად, ნაპირისგან შორს გაცუროს.
მოსამზადებელი კემპისას ყველაზე მაგარი იმის გაცნობიერება იყო, რომ ამჯერად ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ჩხუბი აბუ-დაბიშია და ჩემი მწვრთნელი და გუნდელები ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ. ჩემი ოჯახის წევრებიც აქ იქნებიან და მხარს დამიჭერენ. დროშა ექნებათ აღმართული, ეროვნული სამოსი ეცმევათ და ასეთი თანადგომა ყველაფერს საგრძნობლად აადვილებს.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჟოზე ალდო დავამარცხე და საჩემპიონო ქამარი მოვიპოვე. შემდეგ დროებითი ტიტულისთვის კორი სენდჰეგენს მოვუგე. ორივე ჩხუბი აბუ-დაბიში, იასის კუნძულზე იყო და ახლა შეგვიძლია მას „იანის კუნძული“ ვუწოდოთ.
პროგნოზი? საკუთარ თავს უნივერსალ მებრძოლად მივიჩნევ. ოქტაგონში ყოფნისას ინფორმაციას ვაგროვებ და შესაბამისი რეაქცია მაქვს. მე და მერაბს გალიაში უკვე 50 წუთი გვაქვს გატარებული. შემიძლია დავინახო, ჩემმა მეტოქემ რა მოამზადა, ინფორმაცია გადავხარშო და საჭირო კორექტივები შევიტანო.
ვფიქრობ, მესამე ბრძოლა არანაკლებ ამაღელვებელი, ცეცხლოვანი და დაძაბული იქნება. საინტერესო და მძიმე დაპირისპირება გველოდება, რომლიდანაც, იმედი მაქვს, გამარჯვებულები გამოვალთ. მოუთმენლად ველოდებით ამ ბრძოლას“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მოვსარ ევლოევი შეხვდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს