ალჯამეინ სტერლინგი, კევინ ვალეხოსი
Aa
Aa

„მეჩვენება, რომ ეს რაღაც შეთქმულებაა“ - სტერლინგი ვალეხოსთან მარცხზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა კევინ ვალეხოსთან თავისი ორთაბრძოლის მსაჯთა შეფასებაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.

„ახლახან გადავხედე ბრძოლას. ერთადერთი რაუნდი, რომელიც მიყენებული ზიანის მიხედვით შემეძლო მისთვის მიმეცა, მესამე იყო. პირველი რაუნდი ძალიან თანაბარი გახლდათ. იდაყვი კარგად მოვახვედრე. ეს ცოტა გულდასაწყვეტია, რადგან მსაჯობის კრიტერიუმები შავით თეთრზე წერია, მაგრამ მსაჯები მათ კონკრეტულ დღეს თავიანთი განწყობის მიხედვით განმარტავენ. და ჩვენ ამასთან დაკავშირებით თითქმის ვერაფერს ვაკეთებთ.

ვიცი, ხალხი ამბობდა, რომ გარედან ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ არ ჩანდა. კარგი, მაგრამ რომელი დარტყმები აღწევდა სინამდვილეში მიზანს? იქნებ ამის მიხედვით შევაფასოთ?

არსებობს მებრძოლი, რომელიც ფეხზე მყარად დგას, და არსებობს ისეთიც, რომელიც მუდმივად მოძრაობს. როდესაც მოძრავი მებრძოლი დარტყმას უშვებს ან მისგან თავის არიდებას ცდილობს, გარედან ეს ბევრად უარესად ჩანს, ვიდრე მაშინ, როცა დარტყმას ის უშვებს, ვინც ფეხზე მყარად დგას - თუ, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება მართლაც სერიოზულ დარტყმას, რომელიც წონასწორობას დაგაკარგვინებს ან შეგაბარბაცებს.

გამოდის, მებრძოლები, რომლებიც დარტყმებს აყენებენ და შეტევის ხაზიდან გადიან, მსაჯობის გამო ზარალდებიან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ მსაჯობს და რას აქცევს ყურადღებას. როგორც ჩანს, იმ საღამოს სწორედ ეს მოხდა. ისეთი შეგრძნებაც კი მიჩნდება, თითქოს ეს რაღაც შეთქმულებაა. თითქოს მსაჯებს უთხრეს: „თუ ბრძოლა თანაბარი იქნება, იცით, ვისაც უნდა მისცეთ გამარჯვება“,

- განაცხადა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი ვალეხოსთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა ორთაბრძოლაში, რომელიც 21 ნოემბერს ტურნირ UFC Qatar-ზე გაიმართა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები