ავსტრალიამ მეკარეც შეცვალა, მაგრამ უშედეგოდ - ეგვიპტემ პენალტებში მოიგო
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში ეგვიპტის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი უფრო ძლიერი „ფარაონები“ აღმოჩნდნენ და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.
ანგარიში მე-13 წუთზე ემამ აშურმა გახსნა, წონასწორობა კი 55-ე წუთზე მოჰამედ ჰანის ავტოგოლით აღდგა. დარჩენილ დროში და დამატებით ტაიმებში აღარაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. საგულისხმოა, რომ 119-ე წუთზე ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მეკარის ცვლილება გადაწყვიტა და სპეციალურად თერთმეტმეტრიანებისთვის მოედანზე პატრიკ ბიჩის მაგივრად მეტიუ რაიანი შეიყვანა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არც თუ ისე სწორი აღმოჩნდა, რადგან რაიანმა ვერც ერთი დარტყმის აღება ვერ შეძლო, ბიჩმა კი თამაშის მიმდინარეობისას თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
თერთმეტმეტრიანების სერია ავსტრალიამ არაზუსტად დაიწყო. თავისი დარტყმა სუტარმა ვერ გამოიყენა. ზუსტი იყო ეგვიპტის პირველი დარტყმა, რომელიც საბერმა შეასრულა. მეორე ცდა ზუსტად გამოიყენა ირვინმა, რომელსაც რაბიას წარმატებული დარტყმა მოჰყვა - 1:2. ავსტრალიამ მესამე დარტყმაც ზუსტად შეასრულა, თავი ამჯერად მაბილმა გამოიჩინა - 2:2. ეგვიპტის მხირად მესამე ცდაზე მოჰამედ სალაჰი მივიდა, რომელმაც პანენკას სტილში დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2:3 გახადა. ავსტრალიელთა მეოთხე ცდა, რომელიც ჰერინგტონმა შეასრულა არაზუსტი აღმოჩნდა. გადამწყვეტი დარტყმა კი აბდელმაგუიდმა ზუსტად გამოიყენა და საბოლოოდ, ეგვიპტემ პენალტები 4:2 მოიგო, რითაც 1/8 ფინალის საგზურიც მოიპოვა.
ეგვიპტის ნაკრები მომდევნო ეტაპზე არგენტინისა და კაბო-ვერდეს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ეს მატჩი კი დღეს, საქართველოს დროით 02:00 საათზე დაიწყება.