გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, მარკის რიდი
Aa
Aa

პროვოკაცია და გაძევებული რიდი | საქართველო უკრაინასთან 19 ქულით დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გამართა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინას დაუპირისპირდა და 19 ქულით დამარცხდა

მატჩი უკრაინელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის საწყის ხუთ წუთში 20 ქულა მივიღეთ, მალევე კი ჩვენმა ჩამორჩენამ 10 ქულა შეადგინა — 12:22. საქართველოს ნაკრებმა უკრაინას 10:0 გაქცევით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, პირველი მეოთხედი 3 ქულით, 27:30 დავთმეთ.

მეორე პერიოდში მოხდა ინციდენტი, რამაც მატჩის მიმდინარეობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. უკრაინელმა კალათბურთელმა, ოლექსანდრ კობზისტიმ მარკის რიდი, რომელსაც 11 წუთში 18 ქულა ჰქონდა, პროვოკაციაზე წამოაგო და მსაჯებმა ორივე მოთამაშე, ორ-ორი ტექნიკურის გამო, პარკეტიდან გააძევეს.

რიდის გარეშე დარჩენილი საქართველო 17-ქულიან ჩამორჩენაში აღმოჩნდა, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთები კარგად ჩაატარა და შესვენებაზე უკრაინა მხოლოდ 8 ქულით იგებდა — 41:49. უკრაინამ მესამე მეოთხედი 13:0 გაქცევით გახსნა, ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე კი 15 ქულით იგებდა. მეოთხე მეოთხედში არასპორტული ქმედების გამო გოგა ბითაძეც გააძევეს და უკრაინას საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია — 76:95.

საქართველოს ნაკრების რიგებში მარკის რიდი 18 ქულით გამოირჩა. თორნიკე შენგელიას 13 ქულა ჰქონდა, გოგა ბითაძემ კი მატჩი 8 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. უკრაინელთა მხრიდან საუკეთესო სვიატოსლავ მიხაილუკი იყო — 28 ქულა. ოლექსანდრ კოვლიარმა 20 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, მაგრამ მსოფლიოზე გასვლა ურთულესი იქნება, რადგან მეორე ეტაპს, ამ მონაცემებით, ნული მოგებით ვიწყებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კეინი, მესი, ფრანგები“ - კარაგერმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა
„კეინი, მესი, ფრანგები“ - კარაგერმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა