მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მზადაა, კერიკი მწვრთნელად დატოვოს | The Guardian
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის მაიკლ კერიკი გუნდის სათავეში დატოვოს. 44 წლის სპეციალისტი ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია მას შემდეგ, რაც რუბენ ამორიმი პოსტიდან გაათავისუფლეს. მისი მოქმედი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
The Guardian-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას კერიკთან სამომავლო გეგმებზე მოლაპარაკებები აქამდე არ უწარმოებია, რადგან სურდათ ენახათ, შეძლებდა თუ არა ის გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას.
კვირას „ლივერპულთან“ მოპოვებულმა გამარჯვებამ (3:2) კლუბს პრემიერლიგის საუკეთესო ხუთეულში ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე გარანტირებულად მოუტანა.
როგორც გამოცემა წერს, ახლა მოსალოდნელია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კერიკს პოსტზე მუდმივ საფუძველზე დარჩენას შესთავაზებს.
კლუბის გენერალური დირექტორი, ომარ ბერადა და სპორტული დირექტორი, ჯეისონ უილკოქსი მისი მუშაობით აღფრთოვანებულნი არიან და იციან, რომ ფეხბურთელები მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
კერიკის დარჩენას მხარს უჭერენ გუნდის ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ბრუნო ფერნანდეში და ჰარი მაგუაირი.
შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 64 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.
გეტყვით ასევე, რომ 44 წლის კერიკი „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში 14-დან 10 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2 დათმო.