„სწორედ აქ დავუშვი შეცდომები“ - გეიჯიმ წარსული გაიხსენა
ჯასტინ გეიჯიმ კარიერაში პირველად UFC-ის ჩემპიონის ტიტული რამდენიმე კვირის წინ ილია თოფურიას დამარცხების შედეგად მოიპოვა, თუმცა ამის რამდენიმე შესაძლებლობა ამერიკელ მებრძოლს ადრეც ჰქონდა, როდესაც 2020 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის მაისში სატიტულო ბრძოლები ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ჩარლზ ოლივეირასთან დათმო. რა გააკეთა მაშინ არასწორად, ამის თაობაზე 37 წლის „ჰაილაითმა“ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.
ჯასტინ გეიჯი
მათთან ბრძოლებზე ზედმეტად ვნერვიულობდი და ვფიქრობ, ამ მეტოქეებთან დაპირისპირებას ზედმეტი შიშით შევხვდი, რაც უდიდესი შეცდომა გახლდათ. იმის მაგივრად იმაზე მეფიქრა, როგორ გამეკონტროლებინა ხაბიბი და ჩარლზი, მათ ძლიერ მხარეებზე დავიწყე დაფიქრება და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვერ ვაჩვენე. წარმოიდგინეთ, მთელი ბრძოლა იმის მეშინოდა, როგორ დამეცვა ნურმაგომედოვის და ოლივეირას თეიქდაუნებისგან თავი - შიშით და სიფრთხილით კი, გამარჯვებას ვერასოდეს მოიპოვებ.
ცნობისათვის, მისთვის ამ თემაზე დასმული არაერთი შეკითხვის მიუხედავად, ჯასტინ გეიჯის ჯერჯერობით არ გადაუწყვიტავს, დარჩება შერეულ ორთაბრძოლებში, თუ კარიერას დაასრულებს. ერთადერთი, რაც „ჰაილაითმა“ დაზუსტებით თქვა ის გახლავთ, რომ 2026 წელს ბრძოლას აღარ ჩაატარებს.