კრიშტიანუ რონალდუ, გონსალუ რამუში
Aa
Aa

სუპერ მატჩი - რონალდუს და რამუშის გოლებით პორტუგალიამ ხორვატიას მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში სუპერ მატჩი ვიხილეთ. პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა, სადაც შედარებით უპირატესობას რობერტო მარტინესის გუნდი ფლობდა. პორტუგალიას რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე დომინიკ ლივაკოვიჩი იყო. პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ხორვატებმა აქტიურად დაიწყეს და 53-ე წუთზე ივან პერიშიჩმა დიოგუ კოშტას კარი აიღო - 1:0.

რა თქმა უნდა, გაშვებული გოლის შემდეგ, პორტუგალია გააქტიურდა. კრიშტიანუ რონალდუმ გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

რობერტო მარტინესმა შეტევა გააძლიერა და მოედანზე ბერნარდუ სილვა, კონსეისაუ და გონსალო რამუში გამოიყვანა. 

ცვლილებიდან 5 წუთში, ხორვატების კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან რონალდუ მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ამ გოლით, კრიშტიანუ გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიტანა. ამის შემდეგ, ხორვატებს საოცარი მონაკვეთი ჰქონდათ და გოლის გატანის 3 შანსი ჰქონდათ, თუმცა სამივე შემთხვევაში დიოგუ კოშტამ გაიბრწყინა და მეტოქეს გოლი არ გაატანინა.

81-ე წუთზე, რობერტო მარტინესმა ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და მოედანიდან კრიშტიანუ რონალდუ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გონსალუ რამუშმა საკუთარი ქვეყნის ნაკრები შესანიშნავი თავური დარტყმით დააწინაურა.

ყველაფერი ამით არ დასრულდა. იოშკო გვარდიოლმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. გულშემატკივრებმა სუპერ დაპირისპირება იხილეს, რომელიც პორტუგალიის გამარჯვებით დასრულდა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, კონკრეტულად კი დალასში პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ესპანეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები