„წასვლის დრო მოვიდა“ - მაჰრეზმა ნაკრები დატოვა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში რიად მაჰრეზმა უკანასკნელი სანაკრებო მატჩი ჩაატარა. ამის თაობაზე ალჟირის ეროვნულ გუნდის კაპიტანმა შვეიცარიელებთან (0:2) წაგებული მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ყველა იმ მწვრთნელსა, თუ თანაგუნდელს, რომელთა მხარდამხარაც გასული წლების განმავლობაში საკუთარ საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებდა, უდიდესი მადლობა გადაუხადა.
35 წლის ალჟირელმა ვარსკვლავმა მიმდინარე მუნდიალის 4 შეხვედრაში 2 გოლით გამოიჩინა თავი, რომელთაგან უფრო მნიშვნელოვანი ავსტრიასთან მატჩში გატანილი ბურთი გახლდათ, რომლითაც მან თავისი ქვეყნის ნაკრებს პრაქტიკულად გაუნაღდა პლეი ოფში ასპარეზობის უფლება. მაჰრეზმა საერთო ჯამში ალჟირის ნაკრებში გამართულ 119 შეხვედრაში 40 გოლით გამოიჩინა თავი და გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ისლამ სლიმანის (105 მატჩი, 46 გოლი) ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ რიადმა ეროვნულ გუნდში ყველაზე დიდ წარმატებას 2019 წელს მიაღწია, როდესაც აფრიკის ეროვნებათა თასი მოიგო.
ცნობისათვის, რიად მაჰრეზი ამჟამად „ალ-აჰლის“ ღირსებას იცავს, კარიერის საუკეთესო წლები კი ინგლისის პრემიერლიგაში გაატარა, სადაც „ლესტერსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშისას ხუთჯერ პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის სუპერთასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.