ემბოლოს და ნდოიეს გოლებით | შვეიცარიამ ალჟირი გამოთიშა და 1/8-ფინალშია
2026 წლის მუნდიალის 1/16-ფინალში მურატ იაკინის გაწვრთნილმა შვეიცარიამ ვლადიმირ პეტკოვიჩის ალჟირის ნაკრები 2:0 დაამარცხა. 1/8-ფინალში შვეიცარია კოლუმბიასა და განას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მატჩის მე-10 წუთზე იოჰან მანზამბის საგოლე პასით ბრილ ემბოლომ ანგარიში გახსნა.
კილიან მბაპეს შემდეგ, ბრილ ემბოლო მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ნაკრების ოთხივე მატჩში მინიმუმ ერთ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (2 გოლი, 2 საგოლე პასი). გარდა ამისა, ის პირველი შვეიცარიელი მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა მას შემდეგ, რაც სტატისტიკის დეტალური აღრიცხვა დაიწყო (1966 წლიდან).
20 წლისა და 261 დღის ასაკში იოჰან მანზამბი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე 5 საგოლე მოქმედება (3 გოლი, 2 ასისტი) დააგროვა მას შემდეგ, რაც სტატისტიკის დეტალური აღრიცხვა დაიწყო (1966 წლიდან). მეტიც, ამ ათასწლეულში 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელებიდან ეს მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეძლო: თომას მიულერმა 2010 წელს (მან 8 საგოლე მოქმედება შეასრულა).
20 წლის მანზამბი, რომელიც ფრაიბურგის ფეხბურთელია, მუნდიალის ნამდვილი აღმოჩენაა. მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ბოსნიასთან სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა, 19 წუთი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა. კანადასთან სასტარტოში იყო, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, დღეს კი ალჟირთან ემბოლოს დაეხმარა გოლის გატანაში.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე შვეიცარიის ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა, 25 წლის დან ნდოიემ მურატ იაკინის გუნდის უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა.
მერვედფინალში შვეიცარია კოლუმბიასა და განას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. კოლუმბია - განას მატჩი 4 ივლისს, 5 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.