ილია თოფურია, ლევან ჩოხელი, მერაბ დვალიშვილი, ოთარ თანზილოვი
Aa
Aa

„ერთსულოვანი გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ოთარის გამარჯვება გვეგონა“ - ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებები

რამდენიმე კვირის წინ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგა. UFC-ის ოქტაგონში ქვესაშუალო წონაში - ლევან ჩოხელმა, ქვემსუბუქ წონაში კი ოთარ თანზილოვმა შეაბიჯა და თუ პირველმა მათგანმა დებიუტი ბრუტალური ნოკაუტით აღნიშნა, მეორე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რამაც სერიოზული კითხვის ნიშნები დატოვა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ჩასული საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი, რომელიც ბრძოლის დროს თანზილოვის კუთხეში იყო და Crystalsport-ის მკითხველებისთვის საინტერესო იქნება იმ შთაბეჭდილებების მოსმენა, რომელიც ქართული MMA-ს ხელმძღვანელზე იქ გამართულმა ჩხუბებმა დატოვა.

გიორგი კაბულაშვილი

აღსანიშნავი და სასიამოვნო ამბავია, რომ შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოში ყველაზე დიდ ორგანიზაციას კიდევ ორი ქართველი შეუერთდა. თუმცა, ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ - გვაქვს სურვილი, რესურსი და შესაძლებლობა, რომ UFC-ში ჩვენი ქვეყნის უფრო მეტი წარმომადგენელი გვყავდეს, რაც ქართული MMA-ს განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.

რაც შეეხება თანზილოვს, შეეძლო კიდევ უფრო მეტი გაეკეთებინა. უბრალოდ, კონტრაქტი მიიღო 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, არადა მისი წონა არის 61 კილოგრამი, მაგრამ შესთავაზეს ქვემსუბუქი დივიზიონი, სადაც აქამდე არასოდეს ჰქონდა ბრძოლა ჩატარებული და თავად დათანხმდა ამ ყველაფერს, რადგან სურდა ახალი გამოწვევები მიეღო. ამანაც იქონია უარყოფითი ზეგავლენა ჩხუბზე და ვერ აეწყო ბრძოლა, ვერ წაიყვანა ისე, როგორც სურდა, მაგრამ მთლიანობაში რომ გადავხედოთ, გამარჯვება სწორედ მას ეკუთვნოდა, თუმცა მისი მოწინააღმდეგე აქტიურობდა და როგორც აღმოჩნდა, ამ აქტიურობის გამო მისცეს მოგება. მერწმუნეთ, ყველას ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც გამოაცხადეს, რომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, ყველას ოთარის გამარჯვება გვეგონა და ამ დროს მის მოწინააღმდეგეს აუწიეს ხელი.

ლევან ჩოხელზეც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი მებრძოლია. „ვეფხისტყაოსნის“ კლუბიდან არის და საქართველოში ორი ყველაზე ძველი კლუბია Guram Fight კლუბი და „ვეფხისტყაოსანი“ და თანზილოვი და ჩოხელი სწორედ მათ წარმოადგენენ. ჩოხელის გამარჯვებით უზომოდ გახარებულები ვართ, ხოლო თანზილოვს მარცხი გააძლიერებს, მომდევნო ბრძოლას ალბათ სექტემბერში ჩაატარებს და სამშობლოში აუცილებლად გამარჯვებული დაბრუნდება.

როგორც ოთარ თანზილოვმა, ასევე ლევან ჩოხელმა UFC-სთან ოთხბრძოლიანი კონტრაქტები გააფორმეს, მაგაზე მეტი არც არსებობს და ეს ხელშეკრულება ასე გაწერილი არ არის, რადგან ყოველ ბრძოლაზე ჩათვალე, რომ კონტრაქტს გიხანგრძლივებენ, რადგან რაც უფრო ძლიერი ხარ, წინდაწინ მიდიხარ და რეიტინგშიც ჯდები. მთავარია, რომ ქართველების შესახებ გაიგეს და ყველამ კარგად იცის, რამდენად ნიჭიერები ვართ სპორტის ამ სახეობაში. კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამემამულეს აქვს UFC-ში მოხვედრის შანსი - მუხრან სამსონიძეა 84 კილოგრამში 10-1 რეკორდით, ამირან გოგოლაძე უნდა ვახსენოთ და კიდევ არიან რამდენიმე მებრძოლი, რომელთაც კონტრაქტების მიღება შეუძლიათ.

მერაბ დვალიშვილი სულ ჩვენს გვერდით იყო. ნამდვილად ვერ გეტყვით, არის თუ არა პიოტრ იანთან ტრილოგიასთან დაკავშირებით რაიმე სიახლეები, თუმცა ოთარს და ლევანს, რომ ძალიან დაეხმარა, ეს აშკარაა. თანზილოვი ბრძოლამდე 9-10 თვე დვალიშვილთან ცხოვრობდა და მერაბი მას ყველაფერში ეხმარებოდა და როგორც ვიცი, ჩოხელსაც ყველანაირად გვერდში უდგას.

ილია თოფურიას მარცხი ყველასთვის მოულოდნელი იყო, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. „ელ მატადორმა“ გეიჯისთან თავისი ჩხუბი და საბრძოლო თვისებები ბოლომდე ვერ აჩვენა, ალბათ ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პირველ რიგში და მერწმუნეთ, თოფურია იმდენად ძლიერი მებრძოლია, რომ თავის სათქმელს ყოველთვის იტყვის.

რაც შეეხება საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ნაკრებს, სანამ შემოდგომაზე უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთხელ ვუმასპინძლებთ, იქამდე აგვისტოში აბუ-დაბიში პლანეტის ახალგაზრდული პირველობა შედგება. ორი შეკრება ამისთვის მოსამზადებლად უკვე გაიარა გუნდმა და დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოში უდიდესი წარმატებით ჩამოვალთ.

შეგახსენებთ, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველად ჩატარება 2025 წელს ანდო და ჩვენმა ქვეყანამ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. პლანეტის პირველობას კი, კიდევ ერთხელ თბილისი ნოემბერში უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ილიამ ქამარი დაიბრუნოს, გეიჯიმ კი ძალიან გამაკვირვა“ - ლევან ჩოხელი
„მინდა, ილიამ ქამარი დაიბრუნოს, გეიჯიმ კი ძალიან გამაკვირვა“ - ლევან ჩოხელი