ინგლისისა და მექსიკის მატჩი ადრე არ დაიწყება | რა თქვა ხავიერ აგირემ
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ინგლისის ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდება. შეხვედრა „ესტადიო აცტეკაზე“ გაიმართება და იწერებოდა, რომ მოსალოდნელი შტორმის გამო, FIFA მატჩის 6 საათით ადრე დაწყებაზე სერიოზულად ფიქრობდა.
მექსიკელი ჟურნალისტის, ხიბრან არაიხეს ინფორმაციით, თამაშის დაწყების დრო არ შეიცვლება და ეს საკითხი აღარ განიხილება. ამ ცნობას ავტორიტეტული ბრიტანელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსიც ადასტურებს, ამერიკულმა ტელევიზიამ, FOX-მაც იგივე ინფორმაცია გაავრცელა.
მატჩის ადრე დაწყებას ორივე ნაკრები ეწინააღმდეგებოდა. მექსიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ საკუთარი მოსაზრება საჯაროდაც დააფიქსირა: „მიზეზები და არგუმენტები ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ჩემთან კონსულტაცია არავის გაუვლია და კი... საკმაოდ გაბრაზებული ვარ. ეს სერიოზული დარტყმაა, რადგან ყველაფერს ცვლის...
გეგმები მთლიანად არ განადგურებულა, მაგრამ ბევრი არ უკლია, რადგან იძულებული ხარ, დანიშნული ვარჯიში გააუქმო. ცხადია, FIFA-ს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით. ეს საერთოდ არ მომწონს არც მე და არც ჩემს მოთამაშეებს.“
შეგახსენებთ, რომ მექსიკისა და ინგლისის დაპირისპირება 6 ივლისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება და ამ წყვილის გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე ბრაზილიასა და ნორვეგიას შორის საუკეთესო იქნება.