ოლისეს ტრანსფერი, პსჟ-ბაიერნი და კომპანი | ული ჰიონესის ინტერვიუ
„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ული ჰიონესმა DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „რეკორდმაისტერის“ ლეგენდამ „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართულ შეხვედრაზე, მაიკლ ოლისეს ტრანსფერსა და ვენსან კომპანიზე ისაუბრა.
მაიკლ ოლისეს ტრანსფერი
„უნდა ითქვას, რომ მაიკლ ოლისეს ტრანსფერი მაქს ებერლის (კლუბის სპორტული აღმასრულებელი დირექტორი) დამსახურებაა. მან ეს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო, რადგან ჩვენ მანამდე ამ ფეხბურთელს არ ვიცნობდით. ვუთხარით: „ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებდით, თუმცა, თუ ასე დარწმუნებული ხარ, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ“. პროცესში კრისტოფ ფროინდიც იყო ჩართული, ისევე როგორც მწვრთნელი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც ვიცი, კომპანი იმ დროს აქ არ იმყოფებოდა.“
პარი სენ-ჟერმენთან პირველი მატჩი
„ერთმანეთისგან უნდა განასხვავოთ ბაიერნის ქომაგი და ნეიტრალური მაყურებელი. როგორც ბაიერნის გულშემატკივარი ფიქრობ: „ვაუ, ამდენი გაშვებული გოლი... საერთოდ შევძლებთ ამის გადალახვას?“ ხოლო როგორც ნეიტრალური მაყურებელი სეულში, ნიუ-იორკსა თუ მილანში, ფიქრობ: „აქ რა ხდება? ეს იყო საუკეთესო რეკლამა მთლიანად ფეხბურთისთვის“. თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ჩვენს ბიჭებს ადრეც ბევრჯერ დაუმტკიცებიათ, რომ თამაშში დაბრუნება შეუძლიათ. შეხვედრა კიდევ ათი წუთი რომ გაგრძელებულიყო — იმ კუნთების კრუნჩხვებისა და ტრავმების გათვალისწინებით, რაც პარიზელებს აწუხებდათ — შესაძლოა, უფრო მეტისთვისაც მიგვეღწია. ეს მომავალი ოთხშაბათის მიმართ ოპტიმისტურად განმაწყობს.“
ვენსან კომპანი
„კომპანით აღფრთოვანებული უნდა იყო, რადგან გუნდმა პარიზში ასეთი შემტევი ფეხბურთი ითამაშა – ეს დაუჯერებელი იყო. გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ხელით თამაში და დანიშნული პენალტი უშუალოდ შესვენების წინ. ასეთი რამ გამანადგურებელია – გასახდელში ნეგატიური განწყობით შედიხარ, მოწინააღმდეგე კი მოტივირებული ბრუნდება. მაგრამ ის, თუ როგოი რეაქცია ჰქონდა გუნდს – როგორც ეს ბევრჯერ მომხდარა ადრეც, მაგალითად ფრაიბურგში, მაინცში, ან თუნდაც გარკვეულწილად ახლახან ჰაიდენჰაიმთან – როგორ დაბრუნდნენ, განაგრძეს თამაში და არ დანებდნენ, ნამდვილად ფენომენალურია.“
პარი სენ-ჟერმენის ერთი ფეხბურთელი, ვისაც ბაიერნში წაიყვანდა
„აშრაფ ჰაკიმი.“
ცნობისთვის, „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.