გადრანი ლიდერობას თავისი ქმედებებით ავლენს | ბეითარის მწვრთნელმა ქართველი შეაქო
ბეითარის მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ იცხაკიმ გუნდის ქართველ ცენტრალურ მცველზე, ლუკა გადრანზე ისაუბრა, შეაქო და გუნდის დაცვითი ხაზის წარმატებული თამაშის ერთ-ერთ მიზეზად მისი დამატება დაასახელა.
ბარაკ იცხაკი ლუკა გადრანზე: „ძალიან, ძალიან პოზიტიური პიროვნებაა. ნამდვილი ლიდერია. მშვიდ ლიდერთაგან ერთ-ერთია, რომლებსაც ყვირილი და ბევრი ლაპარაკი არ სჭირდებათ, არამედ ლიდერობას თავისი ქმედებებით ავლენენ. ეს მოედანზეც ჩანს, როდესაც ასე მოქმედებს, მის გარშემო მყოფ მოთამაშეებს მოტივაციას მატებს. ჩვენი დაცვითი თამაში განსაკუთრებით მისი მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა უნდა აღინიშნოს მთლიანი გუნდის დაცვითი თამაში და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოთამაშის. ეს ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვიდა და გაიარა ადაპტაცია. იმედი მაქვს, ის კვლავ ასე გააგრძელებს“.
მთავარ მწვრთნელს ლუკას მომავალთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. იცხაკის პასუხი ასეთი იყო: „კონტრაქტი აქვს და, მოგეხსენებათ, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება წამებში შეიცვალოს, თუმცა ცხადია, რომ კლუბის მიზანი მისი აქ დატოვებაა“.
პრესკონფერენციას ლუკა გადრანიც ესწრებოდა, ფიზიკური კონდიციების შესახებ ჰკითხეს, რაზეც ლუკამ უპასუხა: „თავს კარგად ვგრძნობ. მზად ვარ და ხვალ თამაშს შევძლებ''.
30 მატჩში ბეითარმა 67 ქულა დააგროვა, ლიდერია და მეორეადგილოსანს 1 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე 6 ტური რჩება.
ლუკა გადრანი: „როდესაც ტიტულისთვის იბრძვი, წნეხი ყოველთვის არის, თუმცა ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ამასთან გამკლავება შეუძლია. ჩვენ ყოველ მომდევნო მატჩზე ვართ ფოკუსირებულები. ყველას შეუძლია დაინახოს, რომ გვაქვს სათანადო ხარისხი და ხასიათი. მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება მოედანზე. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქულები ავიღოთ და ყველას ჩვენი თამაში ვაჩვენოთ''.
29 წლის ლუკა გადრანი ისრაელის კლუბს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. უმაღლესი ლიგის 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. მთავარი მწვრთნელის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს, 21 მატჩიდან 20 სასტარტოდან დაიწყო. სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ერთ შეხვედრაში იჯდა, როცა ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო.
ლუკა ამბიციურ კლუბში თამაშობს, მწვრთნელისგან დიდი ნდობით სარგებლობს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ამასთან ერთად, ბოლო მატჩებიდან გამომდინარე ლუკა გადრანი ეროვნული ნაკრების დაცვის ხაზის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა და მისი ასპარეზობა ყურადღებას იმსახურებს.