ვემბანიამას ისტორიული სამმაგი დუბლი | სან ანტონიომ მინესოტასთან მაინც წააგო
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდში „სან ანტონიო სპურსი“ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ ხვდება. ტეხასელებმა სერიის პირველი მატჩი საშინაო არენაზე, „ფროსტ ბენკ სენთერში“, გამართეს და ორი ქულით, 102:104 დამარცხდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 45:45 დასრულდა. „სან ანტონიომ“ მესამე მეოთხედი 3 ქულით მოიგო, თუმცა გადამწყვეტი პერიოდი „ტიმბერვულვზმა“ უკეთესად დაიწყო და 9 ქულით დაწინაურდა. მატჩის ბოლოს „სპურსი“ თამაშში დაბრუნდა და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე შეტევა მათ ჰქონდათ და ჯულიან ჩემპენიმ სამქულიანი გაუშვა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.
„სან ანტონიოს“ ცენტრმა, ვიქტორ ვემბანიამამ, სამმაგი დუბლი გაიფორმა — 11 ქულა, 15 მოხსნა, 12 დაფარება, 5 შედეგიანი გადაცემა. „ვემბიმ“ NBA-ის ისტორია დაწერა და გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში 12 დაფარება გააკეთა. აქამდე რეკორდის ავტორები ჰაკიმ ოლაჯუვონი, ენდრიუ ბაინუმი და მარკ იტონი იყვნენ — 10-10 დაფარება. ამასთან, ვემბანიამა პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში სამმაგი დუბლი 10+ ასისტის გარეშე დააგროვა.
ისტორიული შედეგის მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვემბანიამამ 17-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 8-დან ყველა სამქულიანი გააფუჭა. „სან ანტონიოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 18 ქულა დილან ჰარპერმა მიითვალა. სტეფონ კასლს 17 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი ჰქონდა. „მინესოტას“ 21 ქულითა და 10 მოხსნით ჯულიუს რენდლმა ულიდერა. ენტონი ედვარდსმა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა, 25 წუთში 18 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა.
ცნობისთვის, ამ გუნდების მეორე შეხვედრა კვლავინდებურად „სან ანტონიოს“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით, 05:30-დან დაიწყება.