„მოულოდნელად მოვიდა და მითხრა, რომ...“ - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა
გუშინ, ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის მორიგ ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
გიგი მამაგეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის 73-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა. როდესაც კიტეიშვილი მოედანზე შემოვიდა, გრაცელები 1:0 მარცხდებოდნენ, თუმცა შეხვედრის მიწურულს ქართველი ნახევარმცველის ასისტით და კაიომბოს გოლით „შტურმმა“ მატჩის გადარჩენა შეძლო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის სურვილი მაინც გამოთქვა და საბოლოოდ, „შტურმი“ მარცხს სწორედ მისი საგოლე მოქმედების შედეგად გადაურჩა.
„წესით,შევთანხმდით, რომ დღეს საერთოდ არ ითამაშებდა, რადგან სათამაშოდ თავს მზად არ გრძნობდა. მატჩის წინ კიდევ ერთხელ მოკლედ ვისაუბრეთ და ვუთხარი: „თუ საგანგებო გეგმა დაგვჭირდება და თავს კარგად იგრძნობ, ჩემთან მოდი“, - განაცხადა მატჩის შემდეგ „შტურმის“ მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა.
როდესაც „შტურმი“ საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე 0:1-ს აგებდა და შეტევაში საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, კიტეიშვილი მთავარ მწვრთნელთან მივიდა და მოედანზე შესვლა სთხოვა:
„ის მოულოდნელად მოვიდა და მითხრა, რომ თამაში 15 წუთით შეეძლო. მეც ეს შესაძლებლობა გამოვიყენე“, - აღნიშნა ინგოლიჩმა.
საგულისხმოა, რომ კიტეიშვილმა მთელი სავარჯიშო კვირა გამოტოვა და მხოლოდ დასკვნით ვარჯიშში შეძლო მონაწილეობის მიღება.
„წვივის გადაღლილობა მუხლის სახსარში გადაუვიდა. ის გუნდური მოთამაშეა და თქვა, რომ გუნდს დღეს ისე ვერ დაეხმარებოდა, როგორც ჯანმრთელი ფეხბურთელი“, - განაცხადა ფაბიო ინგოლიჩმა.
მარცხის შემთხვევაში „შტურმი“ ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში ლიდერობას დაკარგავდა, თუმცა ამ ფრით გრაცელებმა ლიდერობის შენარჩუნება შეძლეს. საგულისხმოა, რომ ქართველების გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვება და ხუთივე შემთხვევაში ფრედ ითამაშეს. ამის მიუხედავად, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „შტურმს“ 31 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. თუმცა, 30-ე ტურში უშუალო კონკურენტს, „ლასკს“, რომელსაც 30 ქულა აქვს, თავისი მატჩი სათამაშო აქვს და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერი გახდება. დარჩენილ ორ ტურში, „შტურმი“ 10 მაისს ჯერ „ჰარტბერგს“ ესტუმრება, 17 მაისს კი გათამაშებას „რაპიდთან“ მატჩით დაასრულებს.