კიტეიშვილის გადამწყვეტი ასისტი - გიზიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის მორიგ ტურში, ქართველების „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიზი მამაგეიშვილი იყო და ყველასთვის მოულოდნელად, მთავარმა მწვრთნელმა კიტეიშვილი თადარიგში დატოვა და მოედანზე 71-ე წუთზე, გიზი მამაგეიშვილის ნაცვლად შეიყვანა.
მამაგეიშვილს პირველ ნახევარში გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველმა ნახევარმცველმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. საერთო ჯამში, გიზის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 27 შეხება, კარისკენ 1 დარტყმა, 12-დან 6 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 განმუხტვა. Sofascore-ს შეფასება - 6.0 ქულა.
რაც შეეხება კიტეიშვილს, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „შტურმი“ მარცხს“ გადაურჩა, ქართველი ნახევარმცველი იყო. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კიტეიშვილმა ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა და ასევე შეცვლაზე შემოსულ კაიომბოს გაატანინა, რითაც გრაცელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
შესაბამისად, „შტურმმა“ ბეწვის ხიდზე გაიარა. მარცხის შემთხვევაში „შტურმი“ ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში ლიდერობას დაკარგავდა, თუმცა ამ ფრით გრაცელებმა ლიდერობის შენარჩუნება შეძლეს. საგულისხმოა, რომ ქართველების გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვება და ხუთივე შემთხვევაში ფრედ ითამაშეს. ამის მიუხედავად, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „შტურმს“ 31 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. თუმცა, 30-ე ტურში უშუალო კონკურენტს, „ლასკს“, რომელსაც 30 ქულა აქვს, თავისი მატჩი სათამაშო აქვს და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერი გახდება. დარჩენილ ორ ტურში, „შტურმი“ 10 მაისს ჯერ „ჰარტბერგს“ ესტუმრება, 17 მაისს კი გათამაშებას „რაპიდთან“ მატჩით დაასრულებს.