„ლევანდოვსკის შენარჩუნება გვინდა, რაშფორდით კმაყოფილები ვართ“ - ლაპორტა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამართულ არჩევნებზე ვიქტორ ფონტი დაამარცხა და კატალონიურ კლუბს კიდევ 5 წელი უხელმძღვანელებს, RAC1-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვებს რობერტ ლევანდოვსკისა და მარკუს რაშფორდის მომავალთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, ლევანდოვსკი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, რაშფორდი კი იჯარის ვადის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უნდა დაბრუნდეს.
„გვინდა, რომ ლევანდოვსკი გუნდში დარჩეს, თუმცა ეს მის სურვილზე იქნება დამოკიდებული. რობერტი რთულ დროს მოვიდა და დიდი დახმარება გაგვიწია. ფორვარდის პოზიციაზე ლევანდოვსკი და ფერან ტორესი გვყავს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ამ პოზიციას გავაძლიერებთ.
რაშფორდს რაც შეეხება, ის კარგად მუშაობს, ბევრი საგოლე პასი და გოლი აქვს და „ნიუკასლთანაც“ მისი იმედი გვაქვს. შევეცდებით, „მანჩესტერთან“ საერთო ენა გამოვნახოთ და მისაღებ პირობებზე შევთანხმდეთ“.
ლაპორტამ ასევე განაცხადა, რომ „ბლაუგრანა“ ჰანსი ფლიკს კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს - გერმანელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბს 2028 წლამდე დარჩება.
„ჰანსის შესახებ ძალიან მალე გვექნება სიახლეები. ყველაფერი შეთანხმებულია, ჰანსი აქ ძალიან ბედნიერია“.