ბალდე ხელშეუხებელი აღარაა - ბარსელონამ მისი შემცვლელიც იპოვა
„ბარსელონას“ მარცხენა მცველმა, ალეხანდრო ბალდემ შესაძლოა ზაფხულში კატალონიური კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ Radio Marca-ს ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, ბევრი რამ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული, 22 წლის მცველის პოტენციურ შემცვლელად კი „ბლაუგრანა“ მილანის „ინტერის“ უკანახაზელს, ალესანდრო ბასტონის მოიაზრებს.
„სპორტულ დირექტორ დეკუს ბასტონი მოსწონს და თუ ლაპორტას გუნდი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, იტალიელი მცველი კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
რამდენიმე წლის წინ ბალდეთი პსჟ იყო დაინტერესებული. ესპანელი მცველი ხელშეუხებელი აღარაა და დეკუ მასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი. ასეთივე მდგომარეობაშია „რეალში“ ედუარდო კამავინგა, თუ კარგი წინადადება იქნება, ბალდეც და კამავინგაც კლუბებს შეიცვლიან.
რაც შეეხება ბასტონის, მან იცის „ბარსას“ ინტერესის შესახებ და მოვლენების განვითარებას დაელოდება“, - აცხადებს მატეო მორეტო.
ცნობისთვის, ალეხანდრო ბალდე „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, „ბლაუგრანას“ პირველ გუნდში კი 2021 წლიდან თამაშობს და ორჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, სამჯერ კი ესპანეთის სუპერთასი მოიგო.