“კარგია, რომ სახლში ვთამაშობთ“ - სლოტი გალათასარაისთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, ლივერპული გალათასარაის უმასპინძლებს. მატჩს წინ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მატჩის შემოტრიალებაზე:
"რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან მათ უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ წავაგეთ. კარგი ის არის, რომ ახლა პირველად ვთამაშობთ სახლში და გვექნება ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა, რომლებიც ხვალაც ისეთივე იქნებიან, როგორებიც ყოველთვის იყვნენ ამ კლუბისთვის. რაც განსაკუთრებით მომეწონა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ, 1:1-ის გაშვების შემდეგ, იყო ფეხბურთელების რეაქცია — მათ მაშინვე აჩვენეს თავიანთი ერთგულება: კონტრშეტევის დროს შვიდი-რვა კაცი უკან გაიქცა, რომ მეორე გოლი არ გაგვეშვა, ხოლო ცოტა ხანში ხუთი-ექვსი ფეხბურთელი სწრაფად წავიდა წინ, რომ შეტევა შეექმნა. ეს აჩვენებს, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ — როგორც მთელი სეზონის განმავლობაში აკეთებდნენ. იშვიათია მატჩები, სადაც მეტოქემ გვაჯობა შრომაში."
გულშემატკივრების რეაქციაზე:
„რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, როცა გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან, რადგან ისინი ჩვეულებრივ მაშინ არ არიან გაბრაზებულები, როცა იგებ. პირველ რიგში, ჩვენ თვითონაც იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ.
როცა აქ მოვედი, მითხრეს, რომ ეს კლუბი სხვებისგან განსხვავდება და რომ გულშემატკივრები მწვრთნელს დიდხანს უჭერენ მხარს — კარგ და ცუდ პერიოდშიც. თუ მართალია ის, რასაც ამბობთ, მაშინ ალბათ ბევრი რამ არასწორად გამიკეთებია. ეს არასასიამოვნო შეგრძნებაა. თუმცა ვიცი, როგორ მუშაობს ფეხბურთი — გამარჯვებები ბევრ რამეს ცვლის. სწორედ ამას ვეცდებით ხვალ.“
საკუთარ შეცდომებზე:
„შეცდომები იმ სეზონშიც მქონდა, როცა ჩემპიონატი მოვიგეთ. შესაძლოა, ზოგი გადაწყვეტილება იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას ერთი მიზანი ჰქონდა — თამაშის მოგება. როგორც ყველა მწვრთნელი, ვცდილობდი გუნდი ისეთ მდგომარეობამდე მიმეყვანა, რომ მეტოქეზე მეტი მომენტი შეგვექმნა და მეტი გვეშრომა.
ვფიქრობ, ჩემს გუნდებს კარიერის განმავლობაში მატჩების 80-90 პროცენტში მეტოქეზე მეტი შანსი შეუქმნიათ და მეტიც უმუშავიათ. მაგრამ შედეგი ყოველთვის ამას არ ასახავს — ეს ფეხბურთის ბუნებაა, სადაც ერთი რიკოშეტიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.“
„გალათასარაისთან“ ორჯერ წაგებაზე:
„ამაზე პასუხი ხვალ უნდა გავცეთ — აქვს თუ არა მნიშვნელობა სახლში თამაშს? სტატისტიკაც და გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ სახლში უფრო ძლიერები ვართ. ჩემპიონთა ლიგაზე უკვე დავამარცხეთ „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „მარსელი“.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ტოტენჰემთან“ გაშვებული გოლის შემდეგ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მიდის, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ყოფნას ვიმსახურებთ და მეოთხედფინალში გასვლის შანსი გვაქვს.
„გალათასარაი“ ძლიერი გუნდია — მათ მხოლოდ იმიტომ არ მოგვიგეს, რომ სახლში თამაშობდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ხარისხიანი გუნდი ჰყავთ. ორივე მატჩი ძალიან დაძაბული იყო და დეტალებმა გადაწყვიტა ყველაფერი. ახლა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ — გულშემატკივრებთან ერთად, რომ ეს დეტალები ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალდეს.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თურქების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ლივერპულისა და გალათასარაის მომავალი მატჩი 18 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
ასევე შეგახსენებთ, ალისონ ბეკერმა ტრავმა მოიშუშა და ტოტენჰემთან ითამაშა. აქედან გამომდინარე, გალათასარაის წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში ხილვა თითქმის გამორიცხულია.