ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ოქროს ბურთის სეზონი აქვს“ - ხვიჩას უმაღლეს დონეზე აფასებენ

„ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტუმართა ეკვადორელი ცენტრალური მცველი უილიან პაჩო დასახელდა. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ იმდენად კარგად იასპარეზა, რომ მსოფლიო სპორტულ პრესაში ბევრი გამოცემა საუკეთესოდ სწორედ ქართველს ასახელებდა. მატჩის ანალიზის დროს იყო ისეთი ეპითეტები ხვიჩას თამაშზე, რომლის მოსმენაც ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს უდავოდ ესიამოვნება.

მსოფლიო პრესის შეფასება

Goal.com: უსმან დემბელეს იდეალური პასი მიაწოდა, რის შემდეგაც სტუმრებმა ანგარიში გახსნეს და სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს. ქართველი ფეხბურთელი შეუჩერებელი იყო, უმაღლეს დონეზე თამაშობდა ორთაბრძოლების დროს და მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნება გახლდათ. გარდა ამისა, ტრადიციულად ხვიჩამ უკანა ხაზის დახმარების თვალსაზრისით კოლოსალური სამუშაო გასწია.

Eurosport.fr: „დიდი საფეხბურთო საღამოების გმირია. მართალია ხვიჩამ ამჯერად ვერ გაიტანა, თუმცა დემბელეს გოლში 80-პროცენტიანი წვლილი მაინც მიუძღვოდა, რადგან დაახლოებით 40 მეტრი დრიბლინგის ხარჯზე დაფარა და უსმანს ცივსისხლიანი საგოლე პასი მიაწოდა. მეორე ტაიმში დაიო უპამეკანო პატარა ბავშვივით მოატყუა და რომ არა მანუელ ნოიერი, აუცილებლად გაიტანდა. შეუჩერებელ ქართველს მოგვიანებით ბრწყინვალე სოლო რეიდი ჰქონდა, რომლის გოლით დაგვირგვინებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხვიჩა „ოქროს ბურთის“ რეჟიმშია და საუკეთესო სეზონი აქვს.

CulturePSG: „კიდევ ერთი დიდებული შეხვედრა ქართველისგან დიდ მატჩში. ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ყოველ მატჩში სერიოზულ განაცხადს აკეთებს. მისი საოცარი ასპარეზობის შესაფასებლად სიტყვების მოძებნა რთულია.

Le Parisiens: „ამჯერადაც როგორი საოცარი იყო. მისთვის ბურთის უჯარიმოდ ართმევა ბოლო პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელია. ხვიჩამ მიუნხენელებს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა.

Onze Mondial: „უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო - სულ რაღაც 3 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, როგორი დიდი მატჩების როგორი დიდი ფეხბურთელია. საგოლე პასის გარდა, „ბაიერნს“ განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნიდა და თავის ფლანგზე თითქმის ყველა წერტილში იყო. თამაშის ბოლოს ტრადიციულად დაცვაშიც შეითავსა ფუნქციები და რამდენჯერმე ვითარება განმუხტა.

90min.com: „თავიდანვე გაიბრწყინა და საგოლე გადაცემა შეასრულა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში უზომოდ აქტიური იყო და თავისი საოცარი ენერგიის ხარჯზე დაცვასაც ეხმარებოდა. მიუხედავად პირველი ტაიმის ბოლოს მიღებული სულელური ყვითელი ბარათისა, მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გაიბრწყინა და ჯერ უპამეკანოს გაბითურების შემდეგ შეეძლო გატანა, ხოლო მერე სოლო რეიდი სათანადოდ ვეღარ დააგვირგვინა.

ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 30 მაისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ის მეტოქე ლონდონის „არსენალი“ იქნება, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები