ბაიერნი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

კვარას ყველა დროის რეკორდი - ხვიჩა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ბრწყინვალე ხვიჩა კვარაცხელია და ბრწყინვალე „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. პარიზელებმა „ბაიერნთან“ სტუმრად 1:1 ითამაშეს, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 6:5 აჯობეს და ბუდაპეშტის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. კვარა კი, მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - ის პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ამ ტურნირის პლეი ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. მთლიანობაში წელს კი, საგოლე მოქმედებები 16-მდე (10 გოლი, 6 საგოლე პასი) გაზარდა და კილიან მბაპესა და ჰარი კეინს გაუთანაბრდა.

პარიზული დაპირისპირების მსგავსად, გულშემატკივარმა მიუნხენურ მატჩშიც ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იხილა. მართალია, „პარკ დე პრენსის“ იდენტურად „ალიანს არენაზეც“ 9 გოლი არ გასულა, მაგრამ ორივე კლუბის სათამაშო ხარისხი ყველაზე პრეტენზიული ადამიანის გემოვნებასაც დააკმაყოფილებდა. მასპინძლებმა მატჩის დებიუტში ნამდვილი შოკი მიიღეს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ - ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ქართველმა ნახევარმცველმა ფაბიან რუისის კარგი პასის შემდეგ მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა და უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ხვიჩასთვის ეს მიმდინარე ლიგაში მე-6 ასისტი და მე-16 საგოლე მოქმედება იყო.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროშიც კვარა სტუმართა შორის ყველაზე აქტიური იყო და ბურთის თითოეული მიღებისას სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა. შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ნერვებმა უმტყუნა და ბურთის მოედნის გარეთ გადაგდების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ მიუნხენელები აშკარად გააქტიურდნენ და პარიზელთა კართანაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ ეპიზოდში შეხვედრის პორტუგალიელი არბიტრისგან პინეიროსგან ისინი ნუნო მენდეშისთვის მეორე ყვითელი ბარათის მიცემას, მოგვიანებით კი ჟოაუ ნევეშის ხელით თამაშისთვის პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში მსაჯმა ეპიზოდი ფრანგების სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მეორე ნახევარში როგორც ხვიჩა კვარაცხელია, ასევე „პარი სენ-ჟერმენი“ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „სენ-ჟერმენის“ ქართველი ლიდერი, რომელსაც ორჯერ შეეძლო გატანა და პირველ შემთხვევაში მანუელ ნოიერმა ურთულესი ბურთი აუღო, ხოლო მეორედ საოცარი სოლო რეიდის დაგვირგვინებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მთლიანობაში ხვიჩამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო 90 წუთი ჩაატარა და „ბაიერნის“ მცველებს თუ ვინმეს შეჩერება უჭირდათ, ეს პირველ რიგში საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო.

რაც შეეხება რეკორდმაისტერს, მართალია ჰარი კეინმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ეს საერთო საქმისთვის საკმარისი არ გამოდგა და სტუმრებმა არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება და ხვიჩა კვარაცხელია ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებას „არსენალთან“ მატჩში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სტადიონზე მისვლა ასეთი ფეხბურთელების გამო გინდება“ - ბლანმა კვარაზე და ოლისეზე ისაუბრა
„სტადიონზე მისვლა ასეთი ფეხბურთელების გამო გინდება“ - ბლანმა კვარაზე და ოლისეზე ისაუბრა