ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წელს რომ მუნდიალი არ ტარდებოდეს...“ – L'Equipe ხვიჩასა და ოქროს ბურთზე

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის გუშინდელ მატჩს აფასებს და პარიზელთა ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. ჟურნალისტი ჟოზე ბაროზო წერს, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტებს შორის ყოფნა დაიმსახურა, თუმცა ამ მხრივ სიტუაციას იმ ართულებს, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატის წელია.

„ერთი ოქროს ბურთის მფლობელია, მეორე ამ ჯილდოს იმსახურებს - დემბელე-კვარაცხელიას დუეტი მომაკვდინებელი იარაღია, რომლითაც პსჟ ბუდაპეშტისკენ მიიწევს. უსმან დემბელემ თავისი გოლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, თუმცა ის ასევე იყო პირველი, ვინც ლუის ენრიკემ მოედნიდან გაიყვანა. დემბელესგან განსხვავებით, ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა ტიპის ეპიზოდებში მონაწილეობდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ მასზე მეტჯერ პსჟ-ის რიგებში ბურთს მხოლოდ ნუნუ მენდეში შეეხო (56 და 60). მატჩის ხასიათის გათვალისწინებით ეს საოცარი რიცხვია.

ამ დინამიკურ და სწრაფ თამაშში, რომელიც ასე ძალიან უყვარს ლუის ენრიკეს, კვარა გამუდმებით ქმნიდა საფრთხეს (21-ე, 37-ე, 57-ე, 72-ე წუთები) და საოცარ სიზუსტეს, დრიბლინგსა და საგოლე მომენტების შექმნის უნარს ავლენდა. 79-ე წუთზე მას მატჩის დასრულებაც შეეძლო, თუმცა წაიბორძიკა და თუ არ ჩავთვლით უაზრო ყვითელ ბარათს, რომელიც არასპორტული საქციელისთვის პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო, კვარას გუშინდელ თამაშში გასაკრიტიკებელი არაფერია.

სეზონი რომ ივნისის დასაწყისში სრულდებოდეს, ან ეს წელიწადი რომ კენტი რიცხვით მთავრდებოდეს [წელს რომ მსოფლიო ჩემპიონატი არ ტარდებოდეს], კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა.

მებრძოლი ხასიათის გარდა მან ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სტატისტიკაც შემოგვთავაზა: 10 გოლი და 6 საგოლე პასი, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, მიუნხენში ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა“.

შეგახსენებთ, რომ კვარამ ბაიერნის წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა. პსჟ ფინალში ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას მომენტები VS ბაიერნი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: “სეზონში ყველაზე რთული მატჩი იყო“
კვარაცხელია: “სეზონში ყველაზე რთული მატჩი იყო“