ხვიჩა კვარაცხელია, ლორან ბლანი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„სტადიონზე მისვლა ასეთი ფეხბურთელების გამო გინდება“ - ბლანმა კვარაზე და ოლისეზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად, „ალ-იტიჰადის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა Le Parisien-თან ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ საპასუხო მატჩზე ისაუბრა და გუნდების შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და მაიკლ ოლისე შეაქო.

რას ამბობს ბლანი:

„პირველი შეხვედრის ყურებით ყველამ ისიამოვნა. ჩემი აზრით, ერთმანეთს ევროპის ორი საუკეთესო კლუბი დაუპირისპირდა. ვიხილეთ 9 გოლი, მაღალი ინტენსივობა და წარმოუდგენელი ეპიზოდები. საქმე გვქონდა ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებიც ინდივიდუალურად, ერთ-ერთზე თამაშისას ძალიან ძლიერები არიან და უყვართ სიტუაციის გამწვავება. რადგან ისინი ხშირად ახერხებენ მცველების გავლას, მეტოქეს გარდაუვლად რთულ მდგომარეობაში აგდებენ. როდესაც შემტევი პოტენციალი მეტოქის დაცვით პოტენციალზე გაცილებით ძლიერია, როგორც ეს ორივე გუნდის შემთხვევაში მოხდა, სწორედ ასეთ მატჩს ვიღებთ. თამაში შეიძლებოდა 7:6 ან 7:7 დასრულებულიყო.“

„ზუსტად ასეთივე საპასუხო მატჩი გველის. ლუის ენრიკეს კარგად ვიცნობ, კომპანის — შედარებით ნაკლებად, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც იგივე ყაიდისაა. არცერთი მათგანი საკუთარ საფეხბურთო ხედვას არ შეცვლის და ეს მათი ძლიერი მხარეა. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ფინალში მხოლოდ ერთი კლუბი გავა. თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ მეორე შეხვედრაც უმაღლესი დონის იქნება, ოღონდ ერთი მცირე ნიუანსით.“

„სწორედ კვარას და ოლისეს მსგავსი ფეხბურთელების გამო გინდება სტადიონზე წასვლა. ეს თავდამსხმელები კარგად აცნობიერებენ საკუთარ ძალას. ისინი ფლობენ უნარების შესანიშნავ არსენალს: დრიბლინგს, დარტყმასა და მოედნის ხედვას. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, მათ ეჭვი არაფერში ეპარებათ. ფლანგებზე განლაგებული ამ მოთამაშეების შეჩერება ძალიან რთულია. შენ შეგიძლია სცადო მათი გავლენის შემცირება და მცველის დასახმარებლად მეორე მოთამაშეც გამოყო, მაგრამ ამ დროს სხვა ზონაში რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდები და შენს სათამაშო სისტემას დაარღვევ.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანული მედია: „არაპროგნოზირებადი კვარაცხელია ბაიერნს ემუქრება“
გერმანული მედია: „არაპროგნოზირებადი კვარაცხელია ბაიერნს ემუქრება“