გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, კოტე ტუღუში
Aa
Aa

„ბითაძე უნდა დარჩეს, თოკოს ბარსა ვერ იყენებს“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან

კოტე ტუღუში თანამედროვე ქართულ კალათბურთში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია, რაზეც მის მიერ დაფიქსირებული შედეგებიც კარგად მეტყველებს. „ქუთაისმა“ საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ, 2016, 2022, 2024 და 2025 წლებში მოიპოვა და ყველა შემთხვევაში კლუბი ტრიუმფამდე ტუღუშმა მიიყვანა. საკლუბო კალათბურთის პარალელურად, მას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც აქვს ნამუშევარი და ეროვნული გუნდის წევრების შესაძლებლობებს გადასარევად იცნობს. Crystalsport-თან ინტერვიუში „ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა NBA-ში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელების სეზონი საინტერესოდ შეაფასა და საკუთარი აზრი თორნიკე შენგელიას „ბარსელონაში“ ადაპტაციაზეც გამოთქვა.

კოტე ტუღუში

სანდრო მამუკელაშვილი როგორც ჩანს კომფორტულად გრძნობს „ტორონტოში“ თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ „რეპტორსი“ პლეი ოფის პირველივე წრეში დამარცხდა, თუმცა საინტერესო 7-მატჩიანი დაპირისპირება ვიხილეთ. ჩვენ ცოტა მეტი გვინდოდა, მაგრამ სანდროსაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა დაკისრებული. ნებისმიერ შემთხვევაში წლევანდელი სეზონი გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მომდევნო მისთვის კიდევ უფრო კარგი იქნება.

სანდრომ რამდენიმე მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ყველას დაანახა, რომ აქვს მას იმის პოტენციალი, რომ NBA-ს სუპერვარსკვლავების გარემოცვაში საკუთარი სათქმელი თქვას. კალათბურთი სულ უფრო ათლეტური და მობილური ხდება და ვფიქრობ, რომ სანდრომაც და გოგამაც ამ ყველაფერს მხარი უნდა აუბან. არც ერთს ეს არ აკლია, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მეტია საჭირო.

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსან „დეტროიტთან“ გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები მინი სიურპრიზს გვთავაზობდნენ და „ორლანდო“ ღირსეულად გამოვიდა ამ დაპირისპირებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ მაინც უძლიერესმა გაიმარჯვა. ფაქტი ერთია - როდესაც გოგა სათამაშო დროს იღებდა, ეს ბიჭი ყოველთვის ახერხებდა თავის გამოჩენას. ბითაძე მებრძოლი სულის ადამიანია და იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი ბრძოლის ხარჯზე „მეჯიქის“ შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს. ჩემი აზრით, მაინც უმჯობესი იქნება გოგა დარჩეს „ორლანდოში“, რადგან ადაპტაციის პერიოდი გავლილი აქვს, თან მწვრთნელიც შეიცვალა და ის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც წელს გადადგა, სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში თავიდან გადასადგმელი არ გაუხდეს.

გოგაზე კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ძალიან რთულია, როდესაც არ გიწევს თამაში, შემდეგ გადიხარ პარკეტზე, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებ და ამის მიუხედავად მომდევნო რამდენიმე მატჩს ისევ სათადარიგო სკამზე ატარებ. ამ სირთულეების ფონზე, ბითაძე მაინც ცდილობდა რომ ყველასთვის თავისი საუკეთესო ვერსია ეჩვენებინა და ეს მის დადებით თვისებებზე მეტყველებს.

სულ თავიდან თორნიკე შენგელიას „ბარსელონაში“ გადასვლის ამბავი რომ გავიგე ძალიან გამიხარდა, მაგრამ შემდეგ უკვე უილ კლაიბერნიც რომ კატალონიურ კლუბში გადავიდა, უზომოდ მეწყინა. კლაიბერნი, პანტერი და შენგელია რომ გყავს გუნდში, პირველი ორი მათგანი ქულებს აგროვებენ, მაგრამ კლუბმა რა შედეგიც აჩვენა ევროლიგაში, ყველამ კარგად ვნახეთ. მათგან განსხვავებით, შენგელიას ქულების დაგროვების პარალელურად, კონკრეტული გუნდური შედეგის დადებაც შეუძლია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - პანტერიც და კლაიბერნიც ისეთი კალათბურთელები არიან, მათ ნებისმიერი გუნდი ინატრებდა, თუმცა თორნიკესთან ერთად მე მათ ვერ ვხედავ. შენგელიას უფრო მეტი როლი რომ ჰქონოდა კლუბში, „ბარსელონა“ მეტ წარმატებას მიაღწევდა. ახლა გავიგე, რომ მომავალი სეზონისთვის კატალონიელებს მაიკ ჯეიმსის დამატებაც სურთ, რაც მართლაც თუ შედგა, სრული კატასტროფა იქნება. რასაც „ბარსა“ თამაშობს, არ არის ეს ის კალათბურთი, რომელიც თორნიკეს სჭირდება და თუ თორნიკეს კალათბურთი არ არის, მას გუნდისთვის წარმატების მოტანასაც ვეღარ მოვთხოვთ.

ცნობისათვის, როგორც „ორლანდო მეჯიქმა“, ასევე „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ში გამოსვლა პლეი ოფის პირველივე ეტაპზე დაასრულა, „ბარსელონა“ კი ევროლიგას პლეი ინიდან მანუჩარ მარკოიშვილის მომზადებულ „მონაკოსთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯამალ მოზლი გაუშვეს - ბითაძის ორლანდო უმწვრთნელოდ დარჩა
ჯამალ მოზლი გაუშვეს - ბითაძის ორლანდო უმწვრთნელოდ დარჩა